ბლოგი

ჩვენ გამოვხატავთ აზრს თქვენთვის საინტერესო საკითხებზე

სარჩევი

ბაზარში შეძენილ პროდუქტებზე დოკუმენტის არარსებობის პრობლემა

დოკუმენტის არარსებობის პრობლემა

ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპანიებს, ძირითადად კი სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს და სადისტრიბუციო ფირმებს, უწევთ სასურსათო ბაზარში პროდუქტების შესყიდვა, რადგან ასეთ შემთხვევაში საქონლის არჩევანი უფრო დიდია ხოლმე, ფასები კი – შედარებით მცირე.

თუ გამყიდველი არ გამოწერს სასაქონლო ზედნადებს/ფაქტურას, მაშინ აუცილებელია შესყიდვის აქტის გაფორმება, რათა დოკუმენტურად დადასტურდეს შესყიდვის ოპერაცია. სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები, როდესაც გამყიდველი არ აწერს ხელს შესყიდვის აქტს, რისი მიზეზიც საგადასახადო ვალდებულებისგან თავის არიდება უნდა იყოს.

საბოლოო ანგარიშით ზარალდებიან მყიდველები, რადგან ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, იბეგრება მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით.

შემოსავლების სამსახურის მიერ კომპანიის შემოწმების დროს, თუ შესყიდვის დოკუმენტები არ მოიპოვება, საგადასახადო ორგანო, მაღალი ალბათობით, საგადასახადო ვალდებულებას განსაზღვრავს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით, რაც კომპანიისთვის დამატებით საგადასახადო ტვირთს გამოიწვევს.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების (სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილ ხარჯებში სხვაობის დაბეგვრის შესახებ) მიხედვით, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, კომპანიის მიერ გაცხადებული დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების მხოლოდ 75% მიიჩნიოს ხარჯად და დარჩენილი 25% დაბეგროს მოგების გადასახადით.

აუცილებელია, ფინანსთა სამინისტრომ და კანონმდებლებმა მოიფიქრონ გამოსავალი, რათა არ დაზარალდნენ კომპანიები, რომელთაც რეალურად შესყიდული აქვთ საქონელი და გამყიდველის ბრალეულობით არ მოეპოვებათ შესაბამისი დოკუმენტი.

 

მარტივი მაგალითი:

2023 წლის 1 ივნისს დაინიშნა შპს „კაფეტერია A“-ს 2022 წლის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო შემოწმება. ამასთან, საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 1 იანვარს, ხოლო მისი საქმიანობის საგანია სარესტორნო მომსახურების გაწევა.

დადგენილია, რომ 2022 წლის საანგარიშო პერიოდში შპს „კაფეტერია A“-მ შემოსავლების მისაღებად, რომელიც დასტურდება და არ არის სადავო, შეისყიდა 200,000 ლარის ნედლეული სასურსათო ბაზარში, რომელიც ანაზღაურებულია სრულად, თუმცა გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ნედლეულის შეძენის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია.

 

შეფასება და შედეგი

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის. თუმცა, აღწერილ გარემოებაში, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრისას გასათვალისწინებელია, რომ ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და ამ ხარჯის საჭიროება არ არის სადავო. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად უნდა დაკვალიფიცირდეს გადამხდელის მიერ გაცხადებული ხარჯის 75%.

შესაბამისად, მოგების გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარება 50,000 ლარი (200,000-(200,000 * 75%). შედეგად, მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა იქნება 58,824 ლარი (50,000/0,85), ხოლო კუთვნილი მოგების გადასახადი -8,824 ლარი (58,824 *0,15).

 

ავტორი: გიორგი ბალესიაშვილი

Kudos Georgia-ს მმართველი პარტნიორი

გაზიარება: