ბლოგი

ჩვენ გამოვხატავთ აზრს თქვენთვის საინტერესო საკითხებზე

გიორგი ბალესიაშვილის ბლოგი: ფინანსური მენეჯმენტის ტრანსფორმაცია უკვე სავალდებულოა

Cover Pic

ფინანსური მენეჯმენტის გამართულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს კომპანიის განვითარებისთვის, შესაძლებლობების ანალიზისთვის, რისკების დაზღვევისთვის, ეფექტური ფუნქციონირებისთვის, ბიზნესიდან მეტი სარგებლის მიღებისთვის და ზოგადად წარმატებისთვის.

ქუდოს ჯორჯიას დაკვირვებით კომპანიების წარუმატებელი მუშაობის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი სწორედ ფინანსური დეპარტამენტის გაუმართაობაა.

საქართველოში წლების განმავლობაში ბიზნესის მხრიდან ფინანსებში ყურადღება მხოლოდ ბუღალტრულ აღრიცხვასა და საგადასახადო დეკლარირებას ექცეოდა. ამავდროულად ბუღალტრული აღრიცხვის მიზანიც საგადასახადო დეკლარირება იყო და არა – მონაცემთა დამუშავების ბაზის შექმნა. გარდა ამისა, საგადასახადო დეკლარირებაც, ხშირ შემთხვევაში, უყურადღებოდ რჩებოდა. ეს გარემოება ბუნებრივიც იყო, რადგან ბიზნესის კეთების კულტურა არ არსებობდა.

რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში ამ მხრივ?

ბოლო ერთი წელიწადია, რაც ფინანსურ დირექტორებზე მოთხოვნა არსებითად გაიზარდა, შესაბამისად ეკონომიკური/ბიზნეს განათლების მქონე კადრებიც ამ მიმართულებით იწყებენ მუშაობას. ბიზნესი ჯერ კიდევ ვერ აანალიზებს ამ პოზიციის რეალურ მნიშვნელობას, ამიტომაც CFO ძირითადად ტექნიკური სამუშაოებით არის დაკავებული. მაგალითისთვის, კომპანიების უმრავლესობას სააღრიცხვო პოლიტიკა არ აქვს დანერგილი, ანუ ის სტანდარტები და მიდგომები არ აუმოქმედებიათ, რის მიხედვითაც ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ, არ ჰყავთ საკმარისი ბუღალტრები, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციებს გადაინაწილებენ, არ ჰყავთ საგადასახადო მრჩეველი და ა.შ. CFO-ს კი ამ ფუნქციების შეთავსება უწევს და დრო აღარ რჩება რეალური – ფინანსური მართვის – მოვალეობის შესასრულებლად. საბოლოოდ CFO-ს როლი იკარგება.

ჩვენს ქვეყანაში უკვე დადგა ის ეტაპი, როდესაც ფინანსური მენეჯმენტი უნდა ტრანსფორმირდეს. ეს პროცესი სავალდებულოა და არა  ნებაყოფლობითი! ის ფინანსისტები, რომლებიც ტრანსფორმირდებიან – განვითარდებიან, დანარჩენებს კი „გადარჩენისთვის“ მოუწევთ ბრძოლა.

რა იგულისხმება ტრანსფორმაციაში?

გარტნერის კვლევის თანახმად (Gartner Research & Advisory Services), 2024 წლისთვის იმდენად ავტომატიზებული იქნება ფინანსური ოპერაციები, რომ საოპერაციო ხარჯები ფინანსურ დეპარტამენტში დაახლოებით 30%-ით შემცირდება. ეს გარემოება პოზიტიურია, რადგან თუ ავტომატიზაციის პროცესები გამართული იქნება სხვადასხვა ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით, ხარვეზის გამოვლენის ალბათობაც გაიზრდება და ბიზნესიც ჯანსაღად დაიწყებს ფუნქციონირებას.

პროცესის სტანდარტიზაცია, ტექნოლოგიების ინტეგრაცია და ავტომატიზაცია არის შესანიშნავი გზა ბიზნესის შესაძლებლობების გასაზრდელად და თანამშრომლების დროის გამოსათავისუფლებლად, რათა ფოკუსირება მოახდინონ მეტად ღირებულ სამუშაოებზე.

დღევანდელ რეალობაში, CFO არ უნდა შეეგუოს იმ კულტურას, რაზეც ზევით ვისაუბრეთ. ის უნდა შეეცადოს, ტექნიკური სამუშაოები ავტომატიზირებული გახადოს, თავად კი უფრო მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულებას დაუთმოს დრო, როგორიცაა:

  • სტრატეგიული გეგმის შემუშავება;
  • გენერალური დირექტორის ან/და მმართველი საბჭოს დახმარება სტრატეგიული თუ მიმდინარე გადაწყვეტილებების მიღებაში (Decision support);
  • ბიზნეს მოდელების შემუშავება და სხვადასხვა მოსალოდნელი სცენარის ანალიზი (Development of business models, Scenario modeling);
  • საოპერაციო და ფინანსური რისკების კონტროლი;
  • ბიუჯეტირება, პროგნოზირება. ფაქტობრივ და დაგეგმილ შედეგებს შორის გადახრების ანალიზი;
  • ხარჯებისა და გადასახადების ოპტიმიზაცია (G&A cost optimization);
  • კაპიტალის მოზიდვა (Assistance with securing capital);
  • პარტნიორებთან, დამკვეთებთან, დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია/მოლაპარაკება (Contract negotiations);
  • ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების მოძიება;
  • კომპანიის დამფუძნებლებისთვის, საბჭოსთვის ინფორმაციის მიწოდება (პრეზენტაციების გამართვა) მიმდინარე მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ (Board presentations).

 

გიორგი ბალესიაშვილი

გაზიარება:

Share on facebook