ბლოგი

ჩვენ გამოვხატავთ აზრს თქვენთვის საინტერესო საკითხებზე

ფიზიკური პირის ქონების გადასახადისთვის დაწესებული შემოსავლის ზღვარი უნდა გაიზარდოს – ირაკლი ჟვანია

Untitled-2

საქართველოს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირები, რომელთა ოჯახის ჯამური შემოსავალი საგადასახადო წლის განმავლობაში 40,000 ლარს (დასაბეგრი) შეადგენს და აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დასაბეგრი ქონება, ქონების გადასახადის გადამხდელები არიან.  აღნიშნულ პირებს არაუგვიანეს 1 ნოემბრისა დეკლარაციის წარდგენის ხოლო  არაუგვიანეს 15 ნოემბრისა დარიცხული გადასახადის გადახდის ვალდებულება აქვთ. ვალდებულების შეუსრულებლობა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

ფიზიკური პირისათვის ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით: მიწა

ფიზიკური პირისათვის ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გასული საგადასახადო წლის მდგომარეობით: საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი), იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები და 2017 წლიდან –  მსუბუქი ავტომობილები;

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია და შემდეგი ოდენობით განისაზღვრება:

  • 100,000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის  დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 % -ისა და არა უმეტეს 0.2  % -ისა;
  • 100,000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 %-ისა და არა უმეტეს 1  %-ისა.

აღნიშული ზღვრების დაწესება 16 წლის წინ – საქართველოში ახალი საგადასახადო კოდექსის მიღების შედეგად მოხდა, როდესაც ქვეყანაში შემცირდა, როგორც გადასახედების რაოდენობა, ასევე ახლებურად დარეგულირდა და დაიხვეწა საგადასახადო ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საკითხები რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა ბიუჯეტის შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა. 2005 წლის შემდეგ მუდმივად მიმდინარეობს საგადასახადო კოდექსის დახვეწა, ყოველწლიურად იზარდება გადასახადების გადამხდელებისათვის საჭირო იმ მომსახურების რაოდენობა, რომლითაც სარგებლობა ელექტრონულად საგადასახადო ორგანოში ვიზიტის გარეშე არის შესაძლებელი. აღნიშნული ცვლილებები მიუხედავად არ მომხდარა ფიზიკური პირების ქონების გადასახადისათვის დაწესებული ზღვრების გადასინჯვა.

დადგენილი ზღვრები დღეს საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომაროებას და გადასახადის დაწესების თავდაპირველ სულისკვეთებას ნაკლებად პასუხობს, ასევე ქონების შეფასების პროცესი მნიშვნელოვან გაუმჯობესებას მოითხოვს. ფიზიკური პირის ქონების გადასახადის განაკვეთისა და დეკლარაციის წარდგენის  პროცესის დახვეწის რამდენიმე მნიშვნელოვანი  მიზეზი შეგვიძლია გამოვყოთ:

 

  • საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ზრდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2020 წელს 1,191 ლარს შეადგენს, შედარებისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 2005 წელს თითქმის 5 ჯერ ნაკლებს –  204 ლარს შეადგენდა. აღნიშნული მაჩვენებლის გათვალისწინებით 40,000 ლარიანი ზღვრის უცვლელად დატოვების შემთხვევაში ოჯახის ჯამური შემოსავლების მიხედვით მნიშვნელოვნად იზრდება დასაბეგრი ბაზა და იმ ადამიანთა რაოდენობა ვისაც ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა, შესაბამისად ჩნდება დამატებითი საგადასახადო ტვირთი.

ცნობისთვის საქართველოს შემოსავალების სამსახურის მონაცემებით 2017 წელს საქართველოში 37,200 -ით განისაზღვრა იმ კატეგორიას მიკუთვნებული პირების რაოდენობა, რომელთა წლიური შემოსავალი 40,000 ლარს აღემატება, ხოლო იგივე მონაცემი 2018 წელს შეადგენდა 44,700 შეადგენდა.

 

  • ინფლაცია

მართალია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი იზრდება თუმცა ამავე დროს მნიშვნელოვნად იზრდება ინფლაციის მაჩვენებელი, შესაბამისად წლიდან წლამდე ლარის მსყიდველუნარიანობა იკლებს. შესაბამისად 40,000 ლარიანი ზღვარი დღეს ვერ ჩაითვლება კოდექსის მიღების თარიღისთვის მიჩნეულ – ე.წ. მაღალი შემოსავლის მაჩვენებლად.

 

  • დეკლარაციაში მისათითებელი ქონების ღირებულების განსაზღვრა

დღევანდელი პრაქტიკით ფიზიკური პირი, რომელიც ქონების გადასახადის დეკლარაციას ავსებს შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდი საშუალებას აძლევს დეკლარაციის წარმდგენი ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული როგორც, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ქონების ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში  რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების დამატება ავტომატურად შეძლოს. თუმცა იმისათვის, რომ შემოსავლების სამსახურმა განსაზღვროს ქონებაზე არსებული გადასახადის ოდენობა შესაბამისი განაკვეთის მიკუთვნებით, აუცილებელია ფიზიკურმა პირმა მიუთითოს დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულება. აღნიშნულ ღირებულებას ფიზიკური პირი თავისი შეხედულებით განსაზღვრავს, რაც ერთის მხრივ მისთვის დამატებითი საფიქრალია, ხოლო მეორე მხრივ არაკეთილსინდისიერი ქმედების შესაძლებლობას ქმნის (გადასახდელი თანხის შემცირების მიზნით ქონების საბაზრო ღირებულების შემცირების გზით).

ქონების ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარება, დიდი დანახარჯებისა და ფიზიკური პირისათვის დამატებითი სირთულეების შექმნის გარეშე – შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით  არის შესაძლებელი. ცნობისათვის მსგავს პლატფორმას აქტიურად იყენებენ საქართველოში მოქმედი, ავტოსატრანსპორტო საშუალებებითა და უძრავი ქონების რეალიზაციის საქმიანობით დაკავებული  კომპანიები.

ასევე განახლებული ზღვრების დაწესების ფარგლებში უმჯობესი იქნება თუ გაიმიჯნება ინდივიდუალური და საოჯახო შემოსავლების მინიმალური ზღვარი და ფიზიკური პირისა და ოჯახის შემოსავალის ქონების გადასახადით დასაბეგრი ქვედა ზღვარი იქნება განსხვავებული.

აღნიშნული საკითხების გათვალისწინება, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც წარდგენილ დეკლარაციაში ასახული ინფორმაციის სარწმუნოებას და საგადასახადო ადმინისტრირებას ასევე დამატებით ტვირთს მოხსნის ადამიანთა იმ კატეგორიას ვისთვისაც ქონების გადასახადი მნიშვნელოვან ტვირთს წამოადგენს.

გაზიარება:

Share on facebook