ბლოგი

ჩვენ გამოვხატავთ აზრს თქვენთვის საინტერესო საკითხებზე

სარჩევი

ფინანსური ანგარიშგებების გამჟღავნების ბოლო ვადა ახლოვდება

ფინანსური ანგარიშგების მოახლოვებული ვადა

2 ოქტომბერს IV და III კატეგორიის საწარმოების მიერ 2022 წლის ფინანსური ანგარიშგებების სახელმწიფოსთვის წარდგენის ვადა იწურება. აუდიტის ჩატარება ამ ზომითი კატეგორიის კომპანიებისთვის აუცილებელი არ არის.

ზომითი კატეგორიების განმარტებები მოცემულია კანონში „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“:

IV კატეგორიის საწარმო

IV კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

  • აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება;
  • შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება;
  • დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება.

მეოთხე კატეგორიის საწარმოები ყველაზე მცირე ზომის მეწარმე სუბიექტები არიან. მათ ევალებათ, ანგარიშგება მოამზადონ SARAS-ის (https://saras.gov.ge/ka/Home/YearlyReports) მიერ დადგენილი „მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი“-ს შესაბამისად: https://saras.gov.ge/Content/files/meotxe-kategoriis-sawarmoebis-finansuri.pdf. ევროკავშირში IV კატეგორიის საწარმოები მოიხსენიება, როგორც „მიკრო საწარმო“.

III კატეგორიის საწარმო

III კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომელიც არ არის მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

  • აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს არ აღემატება;
  • შემოსავალი 20 მილიონ ლარს არ აღემატება;
  • დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება.

მესამე კატეგორიის საწარმოებს ევალებათ, ანგარიშგება მოამზადონ მცირე და საშუალო საწარმოებისათვის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (მსს ფასს) შესაბამისად: https://saras.gov.ge/Content/files/IFRS_for_SMEs_2015_.pdf, თუმცა ნებადართულია ე.წ. Full IFRS-ის გამოყენებაც: https://saras.gov.ge/ka/Home/IfrsNew. ევროკავშირში III კატეგორიის საწარმოები მოიხსენიება, როგორც „მცირე საწარმო“.

III კატეგორიის საწარმო ვალდებულია, ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში ასახოს თავისი საქმიანობის მიმოხილვა. მიმოხილვა ასახავს სუბიექტის საქმიანობის განვითარების, შედეგებისა და მდგომარეობის, სუბიექტის წინაშე არსებული ძირითადი რისკებისა და გაურკვევლობების ამომწურავ ანალიზს. სუბიექტის საქმიანობის სრულად გაგებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, განმარტებითი შენიშვნები დამატებით უნდა მოიცავდეს აუცილებელ ძირითად ფინანსურ და არაფინანსურ მაჩვენებლებს, არაფინანსურ ინდიკატორებს, რომლებიც დაკავშირებულია სუბიექტის საქმიანობასთან, მათ შორის, დასაქმების და გარემოს დაცვის საკითხებთან, აგრეთვე წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული თანხების შესახებ დამატებით განმარტებებს.

საქმიანობის მიმოხილვა ასევე უნდა მოიცავდეს:

  • სუბიექტის განვითარების გეგმებს;
  • სუბიექტის მიერ წარმოებული კვლევებისა და მისი განვითარების მიმოხილვას;
  • ინფორმაციას სუბიექტის ფილიალების საქმიანობის შესახებ;
  • სუბიექტის საკრედიტო, საბაზრო, ლიკვიდურობის და ფულადი ნაკადების რისკების მიმოხილვას და ინფორმაციას ამ რისკების მართვის მექანიზმების შესახებ;
  • საკუთარი აქციების შეძენის შესახებ ინფორმაციას.

 

„ქუდოს ჯორჯია“ მომსახურებას უწევს საქართველოში მოქმედ IV და III კატეგორიის საწარმოებს და ეხმარება მათ ფინანსური ანგარიშგებების მომზადებასა და ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენაში. Kudos Georgia: services@kudos.ge.

გაზიარება: