საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, ხოლო ბოლო პერიოდში უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ტურისტული ნაკადები არსებითადაა გაზრდილი, რაც ბუნებრივია, სარესტორნო ბიზნესზე დადებითად აისახება. აღნიშნულის მიუხედავად სარესტორნო ობიექტებს, რომელთა თვიური ბრუნვა 100,000 ლარს არ აღემატება, უჭირთ ფუნქციონირება, რადგან ხშირ შემთხვევებში, მათი შემოსავლები არაა საკმარისი ყველა ხარჯის დასაფარად, ისინი კარგ შემთხვევაში, ნულოვანი მოგების წერტილს აღწევენ.
ბევრ წინააღმდეგობასთან ერთად მცირე რესტორნების ტვირთი სახელმწიფო გადასახადებითაც მძიმდება – განსაკუთრებით დამატებული ღირებულების გადასახადით. ბევრი სარესტორნო ობიექტი დელიკატური არჩევანის წინაშე დგას: ან პირნათლად გადაიხადოს სახელმწიფო გადასახადები და გაკოტრდეს საბოლოოდ, ან არ გადაიხადოს, გააგრძელოს ფუნქციონირება და მუდმივად საგადასახადო რისკის ქვეშ იყოს. ორივე შემთხვევა უარყოფით გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტზე. პირველ შემთხვევაში, მცირე ოდენობით და მოკლევადიან პერიოდის განმავლობაში არასტაბილურად მიიღებს ბიუჯეტი შემოსულობას, ხოლო მეორე შემთხვევაში – საგადასახადო ორგანოს მოუწევს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა განახორციელოს სხვადასხვა ღონისძიებით, რაც დიდ შედეგს ვერ მოიტანს, რადგან ბიზნესს რესურსი არ ექნება საგადასახადო დავალიანების გასასტუმრებლად.
სად არის გამოსავალი?
გამოსავალი საგადასახადო შეღავათშია, რაც საბოლოო ანგარიშით სახელმწიფოს უფრო მეტ სარგებელს მოუტანს და სარესტორნო ბიზნესიც რისკისა და მუდმივი შიშის ქვეშ აღარ იქნება. მაგალითისთვის:
- თვეში 100,000 ლარამდე ბრუნვის სარესტორნო ობიექტებს უნდა მიენიჭოთ სტატუსი, რითაც მოხდება მათი იდენტიფიცირება;
- ასეთი ტიპის ობიექტებს უნდა შეეძლოთ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია და გადასახადებს იხდიდნენ, მაგალითად, მაგიდების რაოდენობის ან ფართის სიდიდის მიხედვით, რომელთა აღრიცხვა და რეგისტრაცია RS.ge პლატფორმაზე მოხდება;
- ასეთი ობიექტები დღგ-ის გადახდის ვალდებულებისგან უნდა გათავისუფლდნენ.
შედეგად სარესტორნო ბიზნესი უფრო სწრაფად განვითარდება, გაუმარტივდება ფუნქციონირება, ხოლო სახელმწიფო უკეთეს ფისკალურ შედეგს მიიღებს.