ბლოგი

ჩვენ გამოვხატავთ აზრს თქვენთვის საინტერესო საკითხებზე

სარჩევი

იდეალური სამეული ფინანსურ დეპარტამენტში

სახელმწიფო გადასახადები

ფინანსური დეპარტამენტის სწორად დაკომპლექტებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს კომპანიის ეფექტური ფუნქციონირებისთვის. თავისუფლად შემიძლია განვაცხადო, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დეპარტამენტი მოუწესრიგებელია და სწორად არ არის დაკომპლექტებული, კომპანია დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.

 

რა პოზიციის კადრებით უნდა დაკომპლექტდეს კომპანიაში დეპარტამენტი?

კომპანიის ეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭიროა, ფინანსური დეპარტამენტი დაკომპლექტებული იყოს ბუღალტრით, ფინანსისტითა და საგადასახადო ექსპერტით.

 

ბუღალტერი

პირველ რიგში, აუცილებელია კვალიფიციური ბუღალტრის ყოლა. ბუღალტერმა უნდა უზრუნველყოს ბიზნეს ოპერაციების სწორი, სრული და სტანდარტების შესაბამისი აღრიცხვა ბუღალტრულ ბაზაში. მან უნდა შეაგროვოს და ზოგ შემთხვევაში, შექმნას კიდეც, ყველა საჭირო დოკუმენტი, ანუ ყველა ოპერაციას უნდა ჰქონდეს დოკუმენტით გამყარებული საფუძველი.

ბუღალტერმა ისე უნდა აწარმოოს ბუღალტერია, რომ გამარტივდეს სხვადასხვა სახის ფინანსური თუ მმართველობითი ანგარიშგების მომზადება. შეჯამების სახით, ბუღალტერს უნდა დაევალოს ბიზნესოპერაციების სრული, დროული და ზუსტი ასახვა. მხოლოდ ეს ფუნქცია უნდა დაევალოს ბუღალტერს და მან არ უნდა იფიქროს ფინანსური ანგარიშგების მომზადებაზე, საგადასახადო დაგეგმვასა და სხვა არაბუღალტრულ დავალებებზე.

 

ფინანსისტი

კომპანიაში დასაქმებული უნდა იყოს ფინანსისტი. ბუღალტრის მიერ სწორად დამუშავებულ ბაზაზე დაყრდნობით, მან უნდა მოამზადოს სხვადასხვა ტიპის ფინანსური ანგარიშგებები. ხშირ შემთხვევაში, მოვალეობის მოხდის მიზნით, კომპანიებში მზადდება მხოლოდ სტანდარტული ფინანსური ანგარიშგებები (ბალანსი, მოგება-ზარალისა და ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშგება), რაც, არ არის ხოლმე საკმარისი.

ფინანსისტმა ისეთი ანგარიშებიც უნდა მოამზადოს, რომელიც წამკითხველს კომპანიაზე სრულ წარმოდგენას შეუქმნის და ნათლად დაანახებს სისუსტეებს, ძლიერ მხარეებსა და შესაძლებლობებს. მარტივად რომ ვთქვათ, ანგარიშის წამკითხველი, მარტივად უნდა მიხვდეს როგორ დაგეგმოს მომავალი ბიზნეს ოპერაციები.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს კარგად მომზადებულ ფინანსურ ანგარიშგებას, ყველა ფინანსისტს უნდა ახსოვდეს, რომ მათ მიერ მომზადებულ ანგარიშგებაზე დაყრდნობით, მენეჯმენტი სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს იღებს. სამწუხაროდ, ბევრი კომპანიის მენეჯერს, ჯერ კიდევ არ აქვს გააზრებული ფინანსისტის მნიშვნელოვანება, ჰგონიათ, რომ თავად უკეთ იციან რა მდგომარეობაა კომპანიაში, არ სჭირდებათ დათვლა, ანალიზი, პროგნოზი, ამიტომაც, ფინანსისტის დაქირავებას დამატებით ხარჯად აღიქვამენ.

თუმცა, თუ სისტემატიურად, ანგარიშის სახით არ მიიღო ხელმძღვანელმა სხვადასხვა რეპორტი, მას აუცილებლად გამოეპარება ისეთი ბიზნეს ოპერაციები, რომლებიც კომპანიას ზარალს მოუტანენ, ან ვერ დაინახავს სამომავლო შესაძლებლობას.

 

საგადასახადო ექსპერტი

მას შემდეგ, რაც ფინანსურ დეპარტამენტს დავაკომპლექტებთ ბუღალტრითა და ფინანსისტით, საჭიროა საგადასახადო ექსპერტის ჩართულობაც. როგორც იცით, საგადასახადო დაგეგმვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია კომპანიაში. უამრავი შემთხვევა ყოფილა, როდესაც კომპანიაში საგადასახადო მიმოხილვის შემდეგ, მომგებიანი კომპანია მნიშვნელოვან ზარალზე გასულა.

შესაძლოა, ხელმძღვანელი ფიქრობდეს, რომ ყველაფერი კარგად ვითარდება კომპანიაში, თუმცა ავიწყდებოდეს გადასახადების გადახდა და მათი სწორად დაგეგმვა. გადასახადების სწორად დაგეგმვას, ხშირ შემთხვევაში, რესურსების დაზოგვაც მოჰყვება ხოლმე. საგადასახადო ექსპერტის სრულ განაკვეთზე დაქირავება, ზოგიერთ შემთხვევაში, აუცილებლობას არ წარმოადგენს. შესაძლოა, დისტანციურად გაუწიოს ექსპერტმა კომპანიას მომსახურება.

შეჯამება

ბუღალტერი ასახავს ყველა ბიზნეს ოპერაციას სრულად და სწორად, ის ფინანისტს უქმნის ბაზას, რის მიხედვითაც ხდება სხვადასხვა ანგარიშის მომზადება;

ფინანსისტი ამზადებს ანგარიშგებებს და მენეჯმენტს წარუდგენს ისე, რომ მარტივი გახდეს კომპანიის ფინანსური მდგომარეობისა და შესაძლებლობების ანალიზი;

საგადასახადო ექპერტი უზრუნველყოფს დეკლარაციების კანონის შესაბამისად წარდგენას და საგადასახადო დაგეგმვას, რასაც, საბოლოო ჯამში, რესურსების დაზოგვა მოჰყვება. საგადასახადო ექსპერტი, შესაძლოა, არ მუშაობდეს კომპანიაში სრული განაკვეთით.

გაზიარება: