უმაღლესი რგოლის მენეჯერს, რომელიც ფინანსურ დეპარტამენტს კურირებს, როგორც წესი, CFO-ს ან ფინანსურ დირექტორს უწოდებენ. ჩვენ ბევრი სტატია მივუძღვენით CFO-ს რეალურ ფუნქციებსა და მოვალეობებს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია CFO-ს დამოუკიდებლობის საკითხი, რომელიც საბოლოო ანგარიშით, კომპანიის მდგომარეობაზე აისახება.
მრავალ ქართულ კომპანიაზე დაკვირვებით შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ფინანსური დირექტორების უმრავლესობა დამოუკიდებელი არ/ვერ არის, მათ არ აქვთ საკმარისი თავისუფლება, რაც ხელს უშლით ადეკვატური დასკვნების გამოტანასა და გადაწყვეტილებების მიღებაში.
საქმე იმაშია, რომ ჩვენს ქვეყანაში კომპანიების გენერალური დირექტორების, ანუ CEO-ების უდიდესი ნაწილი ამავდროულად დამფუძნებლებიც არიან. დამფუძნებელი დირექტორია, დირექტორი – დამფუძნებელი. დამფუძნებელი დირექტორი ხშირ შემთხვევაში იღებს ემოციურ გადაწყვეტილებას, რომელიც ნაკლებადაა გამყარებული რაიმე სახით სტატისტიკით, თუ რაოდენობრივი ან ხარისხობრივი ანალიზით. დამფუძნებელ-დირექტორს საკუთარი გადაწყვეტილების იმდენად სჯერა, რომ CFO-ს არწმუნებს მათ სისწორეში.
ასეთ შემთხვევაში CFO-ს უჭირს თავისუფლად მოქმედება, რადგან პასუხისმგებლობას სრულად ვერ გრძნობს: დამფუძნებელი ფირმის დამაარსებელია და მატერიალური თუ არამატერიალური საბოლოო პასუხისმგებლობა მაინც მასზე მოდის, ამიტომ CFO ინერტულად მიჰყვება ხოლმე დამფუძნებელ-დირექტორის გადაწყვეტილებას და მხოლოდ მისი იდეების აღსრულებაში მონაწილეობს, თუმცა იდეის პრაგმატულად გაანალიზებასა და შეფასებაშიც უნდა მიეღო მონაწილეობა. საბოლოო ანგარიშით, CFO ემსგავსება სხვადასხვა დავალების შემსრულებელ კლერკს, რომელსაც სრულად არ აკისრია ფინანსების მმართველის ფუნქცია. მაღალი ალბათობით, გრძელვადიან პერიოდში, ფინანსისტს დაეკარგება მოტივაცია და დიდი ხნით ვერ გაჩერდება მსგავს კორპორატიულ კულტურაში.
განსხვავებული მდგომარეობაა ისეთ კომპანიებში, სადაც ხელმძღვანელი არ არის დამფუძნებელი. ასეთ შემთხვევაში, CEO და CFO გრძნობენ მეტ პასუხისმგებლობას დამფუძნებლების მიმართ. მათი გადაწყვეტილებები გამყარებულია ხოლმე უფრო მეტი ანალიზით, დაკვირვებით, მიგნებებით. ასეთ დროს უკეთ ვლინდება ხოლმე CFO-ს სკეპტიციზმი, ის ეჭვის თვალით უყურებს არსებულ ინფორმაციას ან მიღებულ გადაწყვეტილებებს, თუ საჭიროება მოითხოვს ამას. ამასთან, ფინანსური დირექტორი მსჯელობს პროფესიულად, კორექტულად. სვამს ბევრ კითხვას ფაქტების, მოსაზრებებისა და დასკვნების შესახებ. საფუძვლიანად იკვლევს პრობლემების გამომწვევ ქვემიზეზებს, რომლებიც არ არის თვალშისაცემი ჩვეული წყაროებიდან და მოსაზრებებიდან.
როგორ უნდა მოიქცეს ფინანსური დირექტორი?
იქიდან გამომდინარე, რომ დამფუძნებელ-დირექტორების ამ მანკიერ კორპორატიულ კულტურას საქართველოში სწრაფად ვერ შევცვლით (თანაც კვალიფიციური მენეჯერების მწვავე დეფიციტია), აუცილებელია, ფინანსურმა დირექტორებმა შეცვალონ მიდგომა და ხელში აიღონ კომპანიის მართვის მნიშვნელოვანი სადავეები, მათ ფაქტებსა და მოვლენებს უნდა შეხედონ პრაგმატულად, თვალდახუჭული არ მიჰყვნენ ფირმის დამფუძნებელ-ხელმძღვანელებს, ჩამოიყალიბონ და დაიცვან საკუთარი არგუმენტირებული აზრი. უმრავლეს შემთხვევაში ასეთი მიდგომა ფირმისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
გიორგი ბალესიაშვილი
მმართველი პარტნიორი
KUDOS GEORGIA