საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. 21 ოქტომბრის მდგომარეობით ჯამურად 1,932,643 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 914,311 ადამიანი, ანუ საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის 32%.
საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი სამსახურების მერ შემუშავებული „საქართველოში COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის“ მიხედვით 2021 წლის განმავლობაში მინიმუმ 1,691,214 ადამიანის, ანუ მოზრდილი მოსახლეობის სულ მცირე 60%-ის აცრა იყო დაგეგმილი. მსგავსი მასშტაბის ჩამორჩენა გვაფიქრებინებს, რომ გეგმით გათვალისწინებული მიზანი მიუღწეველი დარჩება.
ვაქცინაციის სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ყოველდღიური აცრების მაჩვენებლებმა პიკს აგვისტოში მიაღწია (30,067 აცრა – 23 აგვისტოს), ხოლო სექტემბრიდან მოყოლებული აცრის მაჩვენებელი კრიტიკულ ნიშნულზე დაეცა და ოქტომბერში საშუალოდ დღიურად 6,877 აცრას შეადგენს.
აღნიშნული ჩავარდნის ძირითად ფაქტორად მთავრობის მიერ წარმოებული არაეფექტური, შეიძლება ითქვას, მინიმალურად წარმოებული, ზედაპირული საინფორმაციო კამპანია უნდა მივიჩნიოთ.
ვაქცინაციის ნელი ტემპი მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზიანებისა და სამედიცინო სექტორის გადატვირთვის რისკს არ უკავშირდება – აცრის დაბალი მაჩვენებლის პირობებში ინფექციის სწრაფი გავრცელება ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესებას გამოიწვევს, რაც პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი იქნება.
გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის პირობებში, როდესაც ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი სამწუხარო ლიდერია ინფექციის გავრცელებისა და სიკვდილიანობის თვალსაზრისით, ბევრი ქვეყნის მიერ „წითელი ზონის“ ქვეყნების ჩამონათვალში არის შეყვანილი და ყოველდღიური აცრების რაოდენობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, მთავრობის მიერ მორიგი შეზღუდვების დაწესების ალბათობა იზრდება, რაც თავის მხრივ ოპტიმიზმს ამცირებს, ბიზნეს გაურკვეველ მდგომარეობაში აგდებს და ნეგატიურ მოლოდინს ქმნის.
ჩავარდნილი ვაქცინაციის გავლენა ტურიზმზე
უკანასკნელი პერიოდის განმალობაში დაწესებული შეზღუდვებით გამოწვეულ სირთულეებზე ადაპტირება მეტ-ნაკლები ეფექტიანობით ბიზნესის გარკვეულმა კატეგორიამ შეძლო, თუმცა ინფექციის გავრცელების შესამცირებლად დაწესებული რეგულაციები განსაკუთებით ისეთი სექტორებისთვის არის დამაზიანებელი, როგორიცაა ტურიზმი, სარესტორნო და მომიჯნავე სექტორები, სადაც ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილია დასაქმებული.
„წითელი ზონის“ სტატუსის მქონე ქვეყანაში მოგზაურობისთვის საერთაშორისო ვიზიტორების დაინტერესება ძალიან გართულდება, რაც ზამთრის ტურისტული სექტორის ჩავარდნის მნიშვნელოვანი წინაპირობა შეიძლება გახდეს. საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ტურიზმზე, მაგალითისთვის არაპანდემიურ 2019 წელს საქართველომ საქონლის და მომსახურების ექსპორტიდან 9.5 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო, საიდანაც ტურიზმის შემოსავალმა 3.3 მილიარდი აშშ დოლარი (ანუ 34%) შეადგინა.
2020 წელს ჩაკეტილი ზამთრის ტურისტული სეზონის ფონზე, როდესაც ტურისტული სექტორის ნაწილმა შეაჩერა, ხოლო ნაწილმა საერთოდ შეწყვიტა ფუნქციონირება, წლევანდელ ტურისტულ სეზონს არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ ბიზნეს სუბიექტებისთვის, რომელთაც შეძლეს გადარჩენა და მათი შემდგომი ფუნქციონირება დიდწილად მიმდინარე წელს მისაღებ შემოსავლებზე არის დამოკიდებული.
ანალოგური პრობლემების წინაშე დგას სარესტორნო ბიზნესი, რომელსაც 2020 წლის მარტიდან მუდმივად უწევს ადაპტირება სხვდასხვა რეგულაციებზე და რეგულაციების შესრულებისათვის დამატებით არცთუ უმნიშვნელო ხარჯების გაწევა უწევს, როდესაც მომხმარებელთა რაოდენობა შემცირებულია.
ვაქცინაციის დაბალი ტემპი, ინფექციის გავრცელების მაჩვენებლების ზრდა, შეზღუდვებისა და „ლოქდაუნის“ მოლოდინი, გაურკვევლობის განცდა არსებითად აფერხებს ბიზნესის განვითარებას და ეკონომიკის რეალურ გამოჯანსაღებას. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პრაქტიკამ ნათლად დაგვანახა, რომ აღნიშნული სიტუაციიდან დროულად გამოსვლის ერთადერთ ეფექტურ გზას მასობრივი ვაქცინაცია წარმოადგენს. ამიტომ სახელმწიფო და კერძო სექტორმა დამატებითი ნაბიჯები უნდა გადადგან და მეტი ძალისხმევა უნდა მიმართონ ვაქცინაციის ტემპს დაჩქარებისკენ.
ჩვენს ქვეყანაში დღევანდელი ბალანსის შენარჩუნების პირობებში უმჯობესი იქნება, თუ მთავრობა სტუმარ-მასპინძლობის სექტორისათვის დამატებითი რეგულაციების დაწესების ნაცვლად იზრუნებს ვაქცინირებული პირებისა და ობიექტების მეტ წახალისებაზე. მათ შორის არსებითად შეამსუბუქებს რეგულაციებს კოვიდ პასპორტის მქონე პირებისთვის, მოხსნის საათობრივ შეზღუდვებს „Covid უსაფრთხო სტატუსის“ მქონე ტურისტულ და სარესტორნო ობიექტებისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილებები მეტი სტაბილურობის შეგრძნებას გაუჩენს სექტორს და მნიშვნელოვან სტიმულს გაუჩენს, როგორც აუცრელ მოქალაქეებს, ასევე სექტორში დასაქმებულ ადამიანებს და დააჩქარებს ვაქცინაციის პროცესს.