ბლოგი

ჩვენ გამოვხატავთ აზრს თქვენთვის საინტერესო საკითხებზე

სარჩევი

რა არის დღგ (დამატებული ღირებულების გადასახადი)?

დღგ იგივე დამატებული ღირებულების გადასახადი

დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ), წარმოადგენს არაპირდაპირ გადასახადს, რომელიც, როგორც წესი, გადაიხდება საქონლის/მომსახურების წარმოებისა და განაწილების ყველა სტადიაზე.

საქართველოში დღგ-ის განაკვეთის ოდენობა 18%-ია.

მოცემულ სტატიაში განვიხილავთ ხშირად დასმულ შეკითხვებს ამ თემასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის ან კონსულტაციისთვის კი დაგვიკავშირდით საკონტაქტო ფორმის მეშვეობით ან დაგვირეკეთ ნომერზე: +995 322 10 34 10

 

რას ნიშნავს არაპირდაპირი გადასახადი?

არაპირდაპირი გადასახადი არის გადასახადის სახეობა, რომელიც დაწესებულია საქონელსა და მომსახურებაზე და არა უშუალოდ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებზე. პირდაპირი გადასახადებისგან განსხვავებით, რომლებიც იანგარიშგება პირდაპირ შემოსავლიდან ან მოგებიდან, არაპირდაპირი გადასახადები, როგორც წესი, შედის საქონლისა და მომსახურების ფასში და საბოლოო მომხმარებლები ატარებენ ამ გადასახადების ტვირთს საქონლისა და მომსახურების შეძენისას.

მაგალითისთის: თუ კომპანიას უფიქსირდება კონკრეტულ წელს 200,000 ლარის მოგება და მოგების გადასახადის განაკვეთი 15%-ია, მაშინ ის ვალდებულია ბიუჯეტში მიმართოს 30,000 ლარი (200,000*15%), რაც პირდაპირ გადასახადს წარმოადგენს, ხოლო თუ კომპანია ყიდის საქონელს 38 ლარად, გაყიდვის დროს აღნიშნულ ფასში უკვე შესულია დამატებული ღირებულების თანხა და იგულისხმება, რომ საქონლის შემძენმა ყიდვის დროს უკვე გადაიხადა დღგ-ის თანხა. აღნიშნული ნიშნავს არაპირდაპირ გადასახადს.

 

დღგ – მაგალითები

მეტად მნიშვნელოვანია, რომ შესაძლოა, თავად კომპანია მიმართავდეს ბიუჯეტში დღგ-ის თანხას, თუმცა ის ანაზღაურებულია საბოლოო მომხმარებლის მიერ.

მაგალითისთვის: ზეთის მწარმოებელმა კომპანიამ გახსნა მაღაზია და კონკრეტული ზეთის გასაყიდი ფასი დაადგინა 10 ლარის ოდენობით, ის ვალდებულია 10 ლარს დაამატოს 18% და ამ ფასში გაყიდოს საქონელი, ანუ 11.8 ლარად. საბოლოო მომხმარებელი ფიზიკური პირი ზეთს ყიდულობს 11.8 ლარად, ანუ მის მიერ გადახდილ თანხაში შესულია დამატებული ღირებულების გადასახადი 1.8 ლარის ოდენობით. ე.ი. სწორედ მყიდველმა გადაიხადა დღგ-ის თანხა, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად კომპანია მიმართავს ამ თანხას ბიუჯეტში.

არაპირდაპირ გადასახადებს აქვთ ორი დამახასიათებელი ნიშანი: ის დგინდება ფასზე დანამატის სახით და მას იხდის საბოლოო მომხმარებელი.

ხშირ შემთხვევაში, კომპანიები მიიჩნევენ, რომ დღგ-ის ტვირთი სწორედ მათზეა, რადგან, ნებისმიერ შემთხვევაში, გაყიდვის ფასიდან ხდება მათ მიერ გადასახადის გადახდა, მიუხედავად იმისა, რომ საქონლის/მომსახურების ღირებულებას საბოლოო მომხმარებლები ანაზღაურებენ.

აღნიშნული ლოგიკის შესაბამისად, კომპანიას დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის გადახდა უწევს ფასნამატზე.

მაგალითისთვის: კომპანიამ, რომელმაც შეიძინა 5 ლარად გარკვეული სახის საქონელი და გაყიდა 7 ლარად, ის ვალდებულია ფასნამატზე, ანუ მხოლოდ 2 ლარზე გადაიხადოს დამატებული გადასახადი.

როგორც ვახსენეთ, პირი დამატებული ღირებულების გადასახადს იხდის ფასნამატზე, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ამ თანხის მსგავსად დაანგარიშება არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ დღგ-ის საბოლოო ოდენობა ორივე შემთხვევაში ერთი და იგივეა.

შეგახსენებთ, რომ ქუდოსის საგადასახადო აუდიტი და ფინანსური სერვისები დაგეხმარებათ გადააფასოთ თქვენი საგადასახადო პოლიტიკა და მიიღოთ ოპტიმალური ფინანსური გადაწყვეტილებები.

 

როგორ ხდება გადასახადის დაანგარიშება და რას ნიშნავს დღგ-ის ჩათვლა?

სანამ დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაანგარიშებაზე გადავალთ, უმჯობესია ავხსნათ თუ რას ნიშნავს დღგ-ის ჩათვლა.

მარტივი გნმარტებით, პროდუქტის/მომსახურების არასაბოლოო მომხმარებელ პირს შეუძლია მის მიერ შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ უკან დაუბრუნოს. მაგალითისთვის, თუ პირმა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში შეიძინა ზეთი 11.8 ლარად, მას უფლება აქვს 1.8 ლარი (11.8/1.18*18%) უკან დაიბრუნოს ბიუჯეტიდან. თუ პირმა ზეთი გაყიდა 13 ლარად, ის ვალდებულია ბიუჯეტში მიმართოს 1.98 ლარი (13/1.18*18%). შედეგად გამოდის, რომ ბიუჯეტში გადასახდელი ნეტ თანხა შეადგენს 0.18 ლარს. 0.18 ლარი სწორედ ფასნამატზე დარიცხული დამატებული ღირებულების გადასახადია ((13-11.8)/1.18*18%).

 

როგორ გამოვთვალოთ დღგ?

ხშირად ისმის კითხვა, თუ როგორ გამოვთვალოთ დღგ, ანუ რა ოდენობის დამატებული ღირებულების გადახდა უწევს პირს საქონლის/მომსახურების რეალიზაციის შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში, თუ გასაყიდი ფასი მოიცავს დღგ-ის, არ უნდა მოხდეს მოცემული ფასის 18%-ზე გამრავლება და ამგვარად დამატებული ღირებულების დაანგარიშება, რადგან გასაყიდი ფასი უკვე მოიცავს ამ გადასახადს. ზემოთ ვახსენეთ, რომ დღგ-ის დამატება ხდება გასაყიდ ფასზე, რომელიც არ მოიცავს დღგ-ის. პირველ რიგში, უნდა მოხდეს გასაყიდი ფასიდან მისი მოცილება და შემდეგ 18%-ზე გამრავლება. მაგალითად, თუ პროდუქტის გასაყიდი ფასი ამ გადასახადის ჩათვლით არის 118 ლარი, ეს რიცხვი უნდა გაიყოს 1.18 ზე და შემდეგ გამრავლდეს 18%-ზე, რაც გამოვა 18 ლარი. ე.ი. 118 ლარი მოიცავს 18 ლარ დღგ-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამყიდველმა 100 ლარ გასაყიდ ფასს დაამატა 18% და გამოვიდა 118 ლარი.

 

გიორგი ბალესიაშვილი

 

გაზიარება: