სადისტრიბუციო კომპანიებში, ნებით თუ უნებლიედ, ძალიან ხშირია მნიშვნელოვანი ხარვეზის შემთხვევები, ძირითადად კი გაყიდვების/დისტრიბუციის მიმართულებით.
სადისტრიბუციო კომპანიებში გამოვლენილი გარემოებები
იმისათვის, რომ სწორად განვსაზღვროთ დისტრიბუციაში დაშვებული ხარვეზები, საჭიროა ვიცოდეთ როგორი ტიპის გარემოებები გამოვლინდება ამ სფეროში.
უკან დაბრუნებული (წუნდებული, ვადაგასული) პროდუქციის ხელმეორედ გამოყენება.
არც ისე იშვიათია შემთხვევები, როდესაც კომპანიებში ნაკლებად კონტროლდება უკან დაბრუნებული (წუნდებული, ვადაგასული) პროდუქცია. უკან დაბრუნებული პროდუქტის საწყობის უკონტროლობის შემთხვევაში, სხვადასხვა კომპანიაში დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც დისტრიბუტორებს მაღაზიებში შეაქვთ სწორედ უკან დაბრუნებული/ვადაგასული პროდუქტი, ხოლო ახალი პროდუქტის რეალიზაციას ახორციელებენ ინდივიდუალურად კომპანიის გვერდის ავლით. აუცილებელია უკან დაბრუნებული პროდუქტის საწყობისა და ახალი პროდუქციის საწყობის გამიჯვნა და მათი მკაცრი კონტროლი. ამასთან, რეკომენდირებულია უკან დაბრუნებული წუნდებული პროდუქტის რაიმე გზით აღნიშნვნა (მაგალითად საღებავით), რათა არ მოხდეს მისი სხვა გზით გამოყენება.
დაზიანებული საქონლის გაყიდვა
ზოგიერთი კომპანია თანამშრომლებზე ყიდის წუნდებულ/დაზიანებულ საქონელს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით. დაფიქსირდა შემთხვევეი, როდესაც დისტრიბუტორები დიდი რაოდენობით ყიდულობდნენ ასეთი ტიპის საქონელს და შემდეგ ისე ყიდიან მათ, როგორც პირველ პუნქტში იყო აღწერილი, ამიტომ კომპანიებმა ლიმიტი უნდა დააწესონ თითო თანამშრომელზე წუნდებული საქონლის სარეალიზაციო ოდენობებზე.
საქონლის დაბრუნება
გამოვლინდა ფაქტები, როდესაც დისტრიბუტორები მაღაზიებიდან განზრახ არ იბრუნებენ წუნდებულ საქონელს იმ მიზნით, რომ არ შეუმცირდეთ კონკრეტული თვის ხელფასი (იმ სახელფასო სისტემის შემთხვევაში, როდესაც ანაზღაურება მიბმულია ნავაჭრზე და არა თანხის შემოტანაზე). საქონლის უკან დაბრუნება ხდება ხოლმე დიდი პერიოდის გასვლის შემდეგ, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ კუთხით კომპანიაში კონტროლის მექეანიზმის დანერგვა.
პროდუქტის კონტროლი
იმ დროს, როდესაც არ ხდება საწყობიდან ბორტზე ჩატვირთვისას პროდუქტის დათვლა და პასუხისმგებელი პირების მიერ შესაბამის დოკუმენტზე ხელის მოწერა, საბოლოოდ დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში, რთული ხდება პასუხისმგებლობის დაკისრება შესაბამის პირზე. ძალიან ხშირია უკონტროლო გარემოების ურჩად გამოყენების შემთხვევები.
შედარების აქტის გაფორმება
კომპანიებში თუ ხშირად არ ხდება გაყიდვის ობიექტებთან შედარების აქტის გაფორმება, იზრდება დისტრიბუტორის მიერ კომპანიის თანხების მითვისების რისკი. ბევრი გაყიდვის ობიექტის არსებობის შემთხვევაში, ცალკე პირი/პირები უნდა გამოიყოს, რომელიც მხოლოდ დებიტორულ დავალიანებებს გააკონტროლებს.
წონითი კატეგორიის პროდუქტის რეალიზაცია
წონითი კატეგორიის პროდუქტის რეალიზაციისას, მცირე უბნის მაღაზიების მხრიდან დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც ხელოვნურად ზრდიან უკან დასაბრუნებელ პროდუქციას. მაგალითისთვის, თუ დისტრიბუტორმა მაღაზიას შეუტანა 10 კგ ბრინჯი და რეალურად სრული რაოდენობა გაიყიდა მაღაზიაში, თუმცა მაღაზიამ კომპანიას უკან დაუბრუნა სხვა წყაროდან მოძიებული ვადაგასული ან წუნდებული ბრინჯი, ამ შემთხვევაში დისტრიბუტორი არსებითად ზარალდება და იმის მტკიცებაც რთულდება, თუ ვის ეკუთვნოდა ვადაგასული ბრინჯი, ანუ ვერ მოხდება პროდუქტის იდენტიფიცირება.
ხელფასების მენეჯმენტი
იმ შემთხვევებში, როდესაც დისტრიბუტორის ანაზღაურება მიბმულია ნავაჭრზე და არა თანხის ამოღებაზე, ისინი ცდილობენ თვის ბოლოს არაადეკვატურად დიდი რაოდენობა შეიტანონ მაღაზიებში, რომელზეც წინასწარვეა ცნობილი, რომ უკან დაბრუნდება, ამიტომ უმჯობესია თუ დისტრიბუტორის ხელფასი დაუკავშირდება კომპანიაში ნავაჭრი თანხის შემოტანას.
დისტრიბუტორების ანაზღაურების პოლიტიკა
სადისტრიბუციო კომპანიებში, როგორც წესი, დისტრიბუტორების ანაზღაურების პოლიტიკა კომპლექსურია, ბევრ სხვადასხვა გათვლას საჭიროებს. გამოვლინდა ბევრი შემთხვევა, როდესაც ხელფასის ოდენობის დათვლაზე პასუხისმგებელ პირს კალკულაციაში ჰქონდა უხეში შეცდომები დაშვებული და თანამშრომლებს ერიცხებოდათ უფრო მეტი თანხა, ვიდრე ეკუთვნოდათ. აუცილებელია მინიმუმ ერთი პირი, ვინც გააკონტროლებს ხელფასად გასაცემი თანხების სიზუსტეს.
სტატიის ავტორი: გიორგი ბალესიაშვილი
2021-07-08