დიუ დილიჯენსი
Due Diligence რისკების მართვის ინსტრუმენტია. როგორც ინვესტორებს, ასევე მოსალოდნელი ტრანზაქციის „გამყიდველის მხარეს“ მყოფი კომპანიის მესვეურებს Kudos Georgia სთავაზობს სრული მასშტაბის ან სპეციფიკური დანიშნულების დიუ დილიჯენსის მომსახურებას, რაც ბიზნესის სრულყოფილ ან თემატურ გამოკვლევა-შესწავლას გულისხმობს. ამ პროცესში ჩვენ გვევალება, დავადგინოთ, თუ რამდენად შეესაბამება სინამდვილეს კომპანიის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაცია და მონაცემები. „ქუდოს ჯორჯია“-ს მიერ განხორციელებული Due Diligence-ის ხარისხზე ხშირად ათობით მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაა დამოკიდებული.
კომპანიის ფინანსების შესწავლა
კორპორატიული ფინანსების დიუ დილიჯენსი მნიშვნელოვნად განსხვავდება ანგარიშგების აუდიტისგან, თუმცა Kudos Georgia-ს მიერ გაწეულ ორივე მომსახურებას რამდენიმე საერთო თვისება აქვს:
- აუცილებელია კომპანიის ძირითადი საშუალებების და სხვა ფიზიკური აქტივების არსებობაში და ვარგისიანობაში დარწმუნება;
- აუცილებელია საოპერაციო ფულადი სახსრების მოძრაობის სიზუსტის დადგენა;
- საჭიროა დებიტორული ვალდებულებებზე მტკიცებულებების მოპოვება;
- საჭიროა შესაძლო [მ.შ. ფარული] კრედიტორების აღმოჩენა და იდენტიფიცირება;
- შესამოწმებელია კომპანიის მდგრადობა და ფუნქციონირებადობა (Going Concern);
- აუცილებელია შიდა კონტროლის სისტემების შემოწმება და მათი მდგრადობის ხარისხის შეფასება;
- დასადასტურებელია შემოსავლები და დანახარჯები;
- დასადასტურებელია აქტივები, ვალდებულებები (მ.შ. სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის მიმართ შესაძლო დავალიანება) და კაპიტალი;
- საჭიროა ბიზნეს რისკების დადგენა (Business Risk Due Diligence) და მათი მართვის მიმართ კომპანიის მზადყოფნის განსაზღვრა.
ფინანსური დიუ დილიჯენსის განხორციელების შემდეგ Kudos Georgia სპეციალიზებულ ანგარიშს წარუდგენს როგორც პოტენციურ ინვესტორს, ასევე თავად კომპანიას. ანგარიშში, როგორც წესი, განდეტალებულია ფინანსური მდგომარეობისა და შედეგების არსი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და რისკების მართვის შესაძლებლობები.
კომპანიის სამართლებრივი ანალიზი
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც „მყიდველის მხარეს“ აინტერესებს, არის კორპორატიული სამართლებრივი რისკების მინიმიზაცია. Kudos Georgia აგროვებს დანიშნულების კომპანიასთან დაკავშირებულ სამართლებრივი შინაარსის დოკუმენტაციას და აანალიზებს მათ:
- წესდება, დებულება, შინაგანაწესი, შრომითი ხელშეკრულებები და პარტნიორთა გადაწყვეტილებები;
- ქონებრივი უფლებებისა და ვალდებულებების დამადასტურებელი ჩანაწერები;
- დასრულებული, მიმდინარე და პოტენციური სასამართლო და საარბიტრაჟო დავების შესახებ ინფორმაცია;
- მომხმარებლებთან და მომწოდებლებთან არსებული / დასრულებული ურთიერთობების ამსახველი მტკიცებულება;
- თანამშრომლებთან შრომითი, სამართლებრივი და მონეტარული ურთიერთობების ამსახველი ჩანაწერები;
- მესამე პირებთან შესაძლო სამართლებრივი დავების წარმოების რისკების განმაპირობებელი გარემოებები;
- გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი მტკიცებულება;
- ინტელექტუალური საკუთრების დაცვის რეგულაციებთან თავსებადობის დამადასტურებელი საბუთები;
- შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
- სახელმწიფო და ადგილობრივ ორგანოებთან წარმოებული კორესპონდენცია;
- საერთო მარეგულირებელი ბაზა.
სამართლებრივი დიუ დილიჯენსის წარმატებით განხორციელების შედეგად მყიდველი ინფორმირებულია შესაძლო დავების, მოსალოდნელი დანაკარგებისა და მათი კონტროლის შესაძლებლობების შესახებ. როგორც წესი, აღნიშნული ინფორმაცია გავლენას ახდენს როგორც ტრანზაქციის ღირებულებაზე, ასევე მის სტრუქტურასა და პირობებზე.
საწარმოს სამართლიანი ღირებულების განსაზღვრა
Due diligence-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია კომპანიის ღირებულებაზე უკეთესი წარმოდგენის შექმნა. დიუ დილიჯენსის დროს გამოვლენილმა გარემოებებმა შეიძლება, დაიცვას პოტენციური ინვესტორი გაუმართლებელი დაბანდებისგან, ან პირიქით – უფრო მაღალი საფასურის გადახდაზე წაახალისოს იგი. ამასთან, ამ პროცესის შედეგად იკვეთება გარიგების ახალი დეტალები, რომლებიც შემდგომ ეტაპზე წილის გასხვისების ან კაპიტალის გაზრდის ხელშეკრულებაში უნდა გაიწეროს:
- ვალდებულებები, რომლებიც ფირმამ უნდა დაფაროს, სანამ ახალი ინვესტორი შეიძენს წილს;
- ლიკვიდური აქტივების მინიმალური ოდენობა, რაც კომპანიის ბალანსზე უნდა შენარჩუნდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში;
- საკრედიტო ვალდებულებების მოკლევადიანი და გრძელვადიანი ლიმიტები;
- ფინანსური კოეფიციენტები, რომლებიც დაცული უნდა იქნას ტრანზაქციის დასრულებამდე და შესაძლოა, მომდევნო 3-18 თვის განმავლობაში;
- აქტივებზე გირავნობის თანმიმდევრობა და აღმატებულობის პრინციპები;
- აქტივების ღირებულების განსაზღვრის მეთოდოლოგია და სცენარები;
- ფულის მოძრაობის დისკონტირებული ღირებულების პროგნოზი.
„ქუდოს ჯორჯია“ due diligence-ის რეპორტებში აღწერს მოსალოდნელი ტრანზაქციის მოცულობისა და საწარმოს სამართლიანი ღირებულების შედარებითი ანალიზის არსს და შედეგებს. საინვესტიციო დანიშნულების კომპანია და პოტენციური ინვესტორი თანხმდებიან კაპიტალის მონეტარულ გამოხატულებაზე, რომელიც შეიძლება, იყოს პრემიალური ან დისკონტირებული საბაზრო ფასთან მიმართებით.
რევერსიული დიუ დილიჯენსი
როდესაც საწარმო წილის მხოლოდ გარკვეული ნაწილის გაყიდვას აპირებს, ან კაპიტალის გაზრდით გეგმავს ინვესტორის მოზიდვას – მოქმედი დამფუძნებლებისთვის მნიშვნელოვანია, ვინ იქნება კომპანიის ახალი თანამფლობელი. ასეთ დროს „ქუდოს ჯორჯია“-ს უკვეთავენ პოტენციური ინვესტორის დიუ დილიჯენსს (Reverse Due Diligence). რევერსული დიუ დილიჯენსის პროექტები მრავალფეროვანია და ხშირად ერთმანეთისგან განსხვავდება პოტენციური ინვესტორის სპეციფიკური მახასიათებლების მიხედვით:
- სტრატეგიული თუ ფინანსური ინვესტორი;
- ინსტიტუციონალური, საფონდო, იურიდიული თუ ფიზიკური პირი;
- ადგილობრივი თუ უცხოეთის რეზიდენტი;
- საინვესტიციო გამოცდილება;
- სპეციფიკური დარგობრივი გამოცდილება;
- საინვესტიციო ჰორიზონტი;
- ინვესტიციის შემდგომი სამოქმედო გეგმა;
- სინერგიის ან/და კონგლომერაციის ეფექტის პოტენციალი;
- რეინვესტირების პოლიტიკა.
Kudos Georgia-მ შესაძლოა, დამკვეთს წარუდგინოს რამდენიმე პოტენციური ინვესტორის რევერსული დიუ დილიჯენსის ანალიტიკური რეპორტი. ასეთ შემთხვევაში კომპანიის მესვეურებს აქვთ შესაძლებლობა, ერთმანეთს შეადარონ კონკურენტული შემოთავაზებები სრულფასოვნად და გააკეთონ ოპტიმალური არჩევანი.
Due Diligence-ის შემდგომი მომსახურება
როგორც ნებისმიერ პროდუქტს, დიუ დილიჯენსსაც შეიძლება, დასჭირდეს მიწოდების შემდგომი მომსახურება. Kudos Georgia დამკვეთის დავალებით ახორციელებს ტრანზაქციის ხელშეკრულების დაცვისა და სპეციფიკური პირობების შესრულების მონიტორინგს და შედეგების ანგარიშგებას. იმ შემთხვევებში, როდესაც Due Diligence-ის რეპორტში აღნიშნული იყო სამომავლო მოვლენების შესაძლო გავლენა კომპანიის მაჩვენებლებზე, პროექტის დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით კომპანიის ფუნქციონირებას და დაინტერესებულ მხარეებს ვატყობინებთ, რამდენად რაციონალურად და დაგეგმილთან შესაბამისად ვითარდება პროცესები. აღნიშნული მომსახურება ზრდის პროექტის წარმატების პოტენციალს და შესაბამისად, ჩვენი კლიენტების კმაყოფილების დონეს.