OUR NEWS

We are ready to create a better financial environment!

Improving Cash Flow Management: More Important Than Just Making Profits!

improving cachsflow management to make profits
improving cachsflow management to make profits

ფულადი ნაკადების სწორი მენეჯმენტი ბიზნესის ფუნქციონირების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტია. კომპანიის ხელმძღვანელები საოპერაციო თუ ფინანსური მიმართულებით მაშინ არიან წარმატებულები, როდესაც ფულის სწორად განაწილების ცოდნასა და უნარებს ფლობენ.

პრაქტიკაში ხშირად გვხვდება შემთხვევები, როდესაც ბიზნესის მმართველები კმაყოფილები არიან მომგებიანობის მაჩვენებლებით და ამაყობენ, რომ მოგება-ზარალის ანგარიშგებაში უფიქსირდებათ დიდი მოგება, თუმცა ქაღალდზე აღრიცხული მოგება სანამ რეალურ ფულად არ გადაიქცევა, ბევრს არაფერს ნიშნავს!

უხვად შეიძლება ისეთი მაგალითების ჩამოთვლა, როდესაც მომგებიანი კომპანიები გაკოტრდნენ ან გაკოტრების პირას მივიდნენ იმის გამო, რომ დანერგილი არ ჰქონდათ ფულადი ნაკადების სწორი მენეჯმენტი: ნავაჭრს ზრდიდნენ, იმატებდნენ სამუშაო ძალას, თანხებს მიმართავდნენ კაპიტალური დანახარებისთვის, თუმცა კომპანიაში შესაბამისი ფულადი რესურსები არ შემოედინებოდა, უფულოდ კი ბიზნესში პროგრესის მიღწევა ურთულესი ამოცანაა!

ჩვენი დაკვირვებით ხელმძღვანელები, ვისაც შესაძლოა, კარგად არ ესმით კორპორატიული ფინანსები, ფინანსური აღრიცხვის სტანდარტები და კოეფიციენტების ანალიზი, მაგრამ ფულადი ნაკადების მენეჯმენტი კარგად გამოსდით – უფრო წარმატებული და ეფექტურები არიან ბიზნესში.

 

 

თვალყური ადევნეთ ფულად ნაკადებს

KEEP YOUR EYE ON THE CASH, NOT ON RECORDED PROFITS!

კომპანიამ, რომელიც ჯერ კიდევ არ არის იმ მდგომარეობაში, რომ თავისუფლად იმოქმედოს და ხშირად უწევს კრიზისებთან გამკლავება, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს შემდეგი რჩევები:

1. კრედიტორებთან აქტიურად აწარმოეთ მოლაპარაკებები და იგივე საკონსიგნაციო პირობებზე შეუთანხმდით, რა პირობებიც დებიტორებთან გაქვთ, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორმა ფასის გაზრდა შემოგთავაზათ საპირწონედ. ბუნებრივია, შესყიდვის ღირებულება იმდენად არ უნდა გაიზარდოს, რომ ფირმამ არსებითად იზარალოს.

მარტივი მაგალითისთვის: კომპანიას წლის დასაწყისში ჰქონდა 200,000 ლარის დებიტორული დავალიანება, წლის ბოლოს კი – 350,000 ლარი. წლიური გაყიდვები 3,300,000 ლარს შეადგენდა.

დებიტორული დავალიანების ბრუნვის კოეფიციენტია 12 (ანუ წლის გაყიდვები შეფარდებული დებიტორული დავალიანების საწყისი და საბოლოო ნაშთების საშუალო არითმეტიკულთან), რაც იმას ნიშნავს, რომ წელიწადში 12-ჯერ ხდება მოთხოვნის ნაშთის მიღება. ე.ი. დაახლ. 30 დღის (365 დღე/12) დებიტორული დავალიანებაა გაყინული ფირმაში.

სასურველია, კრედიტორებთანაც მსგავსი პირობა იყოს: როდესაც ფირმა მიიღებს დებიტორულ დავალიანებას, კრედიტორს გადაუხადოს სულ მცირე 30 დღის უკან მასთან არსებული დავალიანება.

2. აუცილებლად დაგეგმეთ მინიმუმ ყოველი შემდგომი სამი თვის ფულადი სახსრების შემოდინება/გადინება და აკონტროლეთ ფაქტობრივი მაჩვენებლების გადახრა დაგეგმილთან შედარებით. გახსოვდეთ, რომ თუ თანხის დეფიციტი შეგექმნებათ, ბანკი ან სხვა ფინანსური ინსტიტუტი მყისიერად თანხას ვერ გამოგიყოფთ, ამიტომ წინასწარ სჯობს იმის განსაზღვრა, თუ როდის შეიძლება შეექმნას ფირმას თანხის დეფიციტი და დრო ჰქონდეს დაფინანსების მოსაპოვებლად;

3. გაყიდვების სტიმულირება პირველ რიგში ისეთ ობიექტებში განახორციელეთ, საიდანაც თანხები უფრო მალე შემოვა ფირმაში;

4. შეეცადეთ ზედმეტი მარაგი არ შეიქმნათ საწყობში, რადგან თქვენი კრედიტორი თანხის გადახდის გრაფიკს თქვენთვის მარაგების გადმოცემის დღიდან აითვლის;

5. მაქსიმალურად შეეცადეთ [დროებით მაინც] არ გაწიოთ ისეთი ხარჯები, რომლებიც პირდაპირ არ გაზრდის კომპანიის მომგებიანობას. მაგალითისთვის, თუ შესაძლებელია, რომ შედარებით ძველი სადისტრიბუციო ავტომობილით მოხდეს მარაგების დისტრიბუცია და ავტომობილი თავის ფუნქციას წარმატებით ასრულებს, მხოლოდ იმიჯისთვის, დროებით მაინც ნუ შეეცდებით დამატებითი კაპიტალური დანახარჯების გაწევას მანქანის შესაძენად; (მარაგების მართვასთან დაკავშირებით დამატებით შეგიძლიათ იხილოთ ქუდოსის სტატია: მარაგების მართვა სამშენებლო ბიზნესში).

6. გახსოვდეთ, რომ ნორმალურ შემთხვევაში, ფირმაში ის ოდენობა ფულადი სახსრები უნდა რჩებოდეს, რა ოდენობის მოგებაც გენერირდება. აღნიშნულ წერტილს თუ მიაღწია ფირმამ, იგულისხმება, რომ ფულადი ნაკადების მენეჯმენტი მუშაობს!

7. შეიმუშავეთ პოლიტიკა (კონკრეტულ ფორმულაზე დაფუძნებით), რის მიხედვითაც ფირმიდან მოხდება თანხების განაწილება იმ პრინციპით, რომ არ შეიქმნას ფულადი სახსრების დეფიციტი.

ქუდოს ჯორჯიას ფინანსური მენეჯმენტის მომსახურების ფარგლებში ჩვენი დამკვეთი კომპანიის ოფისში ვაგზავნით ფინანსისტებს, რომლებიც საშუალოდ 6 თვის განმავლობაში Kudos-ის ფინანსური მენეჯმენტის გუნდთან ერთად მუშაობენ ფინანსური დეპარტამენტის გამართვასა და მართვის სისტემის შემუშავებაზე. 6 თვის შემდეგ გუნდი დამოუკიდებლად აგრძელებს მუშაობას დამკვეთ კომპანიაში.

გიორგი ბალესიაშვილი
მმართველი პარტნიორი
Kudos Georgia

მოითხოვე შეხვედრა

SHARE: