ბლოგი

ჩვენ გამოვხატავთ აზრს თქვენთვის საინტერესო საკითხებზე

სარჩევი

ოპტიმიზაცია და ფინანსური ბიუჯეტირება, ანუ კომპანიის გადარჩენა

საქართველოში ბევრ კომპანიას აქვს ფუნქციონირებადობის პრობლემა: ვერ აგენერირებენ შესაბამის მოგებას, ცდილობენ იმ ოდენობის შემოსავლის მიღებას, რომელიც მხოლოდ ხარჯებისთვის და გასავლებისთვის იქნება საკმარისი, დივიდენდის დამფუძნებლებზე განაწილება კი მათ გრძელვადიან მიზნად და აუხდენელ ოცნებად რჩება.

ზარალიანობის გამომწვევი ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, ერთ-ერთი ძირითადი კი ბიზნესის კეთების არასაკმარისი ცოდნაა. ჩვენს ქვეყანაში ბიზნეს კულტურა ცოტა წელს ითვლის, ხოლო ძირითადი კაპიტალი ისევ და ისევ ძველი კულტურის მეწარმეთა ხელშია. ახალგაზრდა თაობას ჯერ არ აქვს საკმარისი კაპიტალი იმისთვის, რომ საშუალო ან დიდი ზომის ფირმები შექმნას და ახლად დამკვიდრებული, სწორი წესებით მართოს… თუმცა წინამდებარე სტატიაში სხვა საკითხზე გვსურს ყურადღების გამახვილება.

 

ფინანსური ბიუჯეტირება

ალბათ ბევრ ადამიანს გაუგია ტერმინი „ფინანსური ბიუჯეტირება“, მაგრამ მისი მნიშვნელოვნება ძალიან ცოტამ იცის, ხოლო პრაქტიკაში განხორციელება ერთეულებს უცდიათ.
ფინანსური ბიუჯეტირების კლასიკური განმარტებაა: „პროცესი, რომელიც კომპანიის ფინანსური რესურსების განაწილების დეტალური გეგმის მომზადებას ითვალისწინებს.“ ბიუჯეტი მზადდება იმის მიხედვით, თუ რისი მიღწევა სურს კომპანიას.

იმ კომპანიებმა, რომლებიც ფინანსური პრობლემების წინაშე დგანან, უნდა შეიმუშავონ მკაცრი ფინანსური ბიუჯეტი და ეს პროცესი ხარჯების ოპტიმიზაცის გეგმით დაიწყონ. უფრო მარტივად: უნდა დაადგინონ თითოეული ხარჯის ლიმიტი და სცადონ, ისე დაგეგმონ ოპერაციები, რომ ხარჯი არ გასცდეს ლიმიტირებულ ოდენობას. ამისთვის კი პერიოდულად უნდა მოხდეს ფაქტობრივი მდგომარეობის შედარება დაგეგმილთან (ბიუჯეტთან) და მათ შორის არსებული სხვაობების დეტალური ანალიზი, გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და მათი განეიტრალება.

ერთი შეხედვით ეს პროცესი მარტივად გამოიყურება. შესაძლოა, ბევრი მმართველი ფიქრობდეს, რომ ამ ყველაფერს ისედაც აკეთებს დამატებითი სამუშაო ფაილების მომზადების გარეშეც, რადგან ზეპირად იცის კომპანიის ყველა ოპერაცია, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ეს შეხედულება მცდარია! აუცილებელია, ხილული გახდეს ფირმის ფინანსური გეგმა და ხედვა გამყარდეს კონკრეტული რიცხვებით. აუცილებელია გეგმის კონტროლი, რათა ისეთ გასავლებს არ ჰქონდეს ადგილი, რასაც მოსალოდნელი შემოსავლები ვერ გასწვდება.

ფინანსური პრობლემების წინაშე მყოფი ფირმებისთვის, საბოლოო ფინანსური ანგარიშით აუცილებელია:
– ხარჯების ოპტიმიზაციის გეგმის მომზადება;
– გეგმის რიცხვებში გამოხატვა;
– ფორმალიზებული ფინანსური ბიუჯეტის მომზადება ლოგიკურ პერიოდზე;
– ბიუჯეტის კონტროლი იმისთვის, რომ ფაქტობრივი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ გადაიხაროს ბიუჯეტირებულთან შედარებით.

 

გიორგი ბალესიაშვილი

Kudos Georgia-ს მმართველი პარტნიორი

გაზიარება: