ფინანსური მენეჯმენტის მომსახურებაზე კომპანიების მომართვიანობა ქუდოს ჯორჯიაში არსებითად გაიზარდა. ბიზნესი უკეთ აცნობიერებს ფინანსური დეპარტამენტის მნიშვნელოვნებას. კიდევ ერთხელ განვმარტოთ, თუ რას ნიშნავს ფინანსური მენეჯმენტი და რა ფუნქციებს უნდა ასრულებდეს ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ფინანსური მენეჯმენტი არის კომპანიის რესურსების მართვის ხელოვნება, რაც ორგანიზაციის მიზნის მისაღწევად საჭირო სახსრების მოძიებასა და მათ ეფექტურ განკარგვას გულისხმობს.
ფინანსური მენეჯმენტის მნიშვნელობა
კორპორატიულ მართვაში ფინანსურ მენეჯმენტს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ფინანსურმა დირექტორმა, ანუ CFO-მ უნდა განსაზღვროს ამ მიმართულების საბოლოო მიზნები, რომლებიც ერთ დიდ მიზანში – ბიზნესის დაინტერესებული მხარეების სიმდიდრისა და დოვლათის (wealth) ზრდაში გამოიხატება.
განზრახ არ ვახსენებ მხოლოდ სიტყვა მოგებას და ვახსენებ დოვლათს. ფინანსური მენეჯმენტის ტრადიციული მიდგომით CFO-ს ძირითადი ფუნქციაა კომპანიის მოგების ზრდა, რომელიც შესაძლოა, დროებითი იყოს, მოკლევადიან პროგნოზებზე დამყარებული, სადაც არ ხდება მრავალი დეტალის გათვალისწინება (როგორიცაა, თანამშრომლებზე ზრუნვა, მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა, სამართლიანი სავაჭრო მიდგომები, კანონის დაცვა და სხვა).
ფინანსური მენეჯმენტის თანამედროვე მიდგომების მიხედვით სიტყვა მოგება ჩაანაცვლა დოვლათმა. დოვლათის ზრდა კი გულისხმობს კომპანიის გრძელვადიანი მოგების მდგრად და სტაბილურ ზრდას, სადაც გაითვალისწინება ბიზნესის ყველა მონაწილე მხარე, ამიტომაც არის, რომ CFO-ს უწევს კომპანიის სხვადასხვა განყოფილებასთან (მარკეტინგი, გაყიდვები, წარმოება, ლოჯისტიკა, HR და სხვა) აქტიური კომუნიკაცია და მუშაობა.
რისგან შედგება CFO-ს ძირითადი ფუნქციები?
- ფინანსური პროგნოზირება – CFO-მ უნდა მოამზადოს კომპანიის მიზნების შესაბამისი ფინანსური პროგნოზი, რომელიც დაფუძნებული უნდა იყოს წარსულში მომხდარ მოვლენებსა და სამომავლო გეგმებზე. პროგნოზირების პროცესში, როგორც წესი, მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა განყოფილების მენეჯერები. იმ შემთხვევაში, როდესაც ფინანსური პროგნოზი სწორადაა მომზადებული, კომპანიას არსებითად უმარტივდება ფუნქციონირება, მოსალოდნელ საფრთხეებს წინასწარ ხედავს და საკმარისი დრო რჩება შესაბამისი სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად. ფინანსური პროგნოზირება არის უწყვეტი პროცესი და ხშირად ხდება პროგნოზის კორექტირება ფაქტობრივად არსებული გარემოებების გათვალისწინებით. აუცილებელია, რომ მუდმივად ხდებოდეს დაგეგმილსა და ფაქტობრივ შედეგებს შორის არსებული გადახრების გამომწვევი მიზეზების ანალიზი. ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესი სწორედ ამ ტიპის ანალიზია.
- საჭირო სახსრების მობილიზება/მოზიდვა – ფინანსური პროგნოზი მზადდება გარკვეულ დაშვებებზე და ხდება შედეგების მაპროვოცირებელი მოვლენების ანალიზი. მარტივი მაგალითისთვის: თუ საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია ვარაუდობს, რომ საახალწლოდ მაღაზიათა ქსელებში რეალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზრდება, მან ისიც უნდა განსაზღვროს, რომ უფრო მეტი მარაგის შეძენა მოუწევს და მაღალი ალბათობით, დებიტორული დავალიანების ზრდასაც უნდა ელოდოს. შესაბამისად, ფირმაში წარმოიქმნება სახსრების მობილიზების საჭიროება. CFO-მ წინასწარ უნდა იზრუნოს აღნიშნული სახსრების მოზიდვაზე, ან კომპანიაში სხვადასხვა ტიპის ხარჯების მინიმიზაციით/ხარჯების გადაგეგმვით, გამოათავისუფლოს საჭირო სახსრები. CFO-ს ფუნქციას წარმოადგენს პატარა თუ დიდი მიზნის მისაღწევად, საჭირო კაპიტალის მოზიდვა.
- ფინანსური მოდელირება და გადაწყვეტილებების მიღება – CFO-ს ხშირად უწევს სხვადასხვა ფინანსური მოდელის მომზადება გადაწყვეტილების მისაღებად. ფინანსური მოდელი შეიძლება მომზადდეს, როგოროც მსხვილი საინვესტიციო გადაწყვეტილების მისაღებად, ისე ყოველდღიური ოპერაციებისთვის. ფინანსურ მოდელში განხილული უნდა იყოს რამდენიმე სცენარი/ალტერნატივა, საიდანაც აირჩევა საუკეთესო. ამასთან, ხშირ შემთხვევაში, ყველა სცენარში კონცენტრირება უნდა გაკეთდეს რამდენიმე ძირითად პრინციპზე: უსაფრთხოება (Safety), ლიკვიდურობა (Liquidity) და მომგებიანობა (Profitability).
- ფულადი სახსრების მენეჯმენტი – პრაქტიკამ აჩვენა, რომ ფულადი სახსრების განაწილების დაუგეგმაობით ან არასწორად დაგეგმვით კომპანიების უმრავლესობა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება ხოლმე. ბევრი შემთხვევა შეგვხვედრია, როდესაც ფირმა დიდ მოგებას აკუმულირებს, თუმცა ლიკვიდური აქტივების ნაკლებობა აღენიშნება, რასაც სამწუხაროდ ფირმა დახურვისკენ მიჰყავს ხოლმე. CFO მუდმივად უნდა გეგმავდეს ფულადი სახსრების განაწილებას და ზრუნავდეს ლიკვიდურობის პოზიციის შენარჩუნებაზე.
- სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო კომუნიკაცია – CFO ვალდებულია, რომ აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეს კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტთან, მან კარგად უნდა იცოდეს ბიზნესის ყველა არსებითი ასპექტი – წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი გადაწყვეტილება არ იქნება გონივრული. თუ CFO-ს კარგად არ ესმის ის დარგი და სპეციფიკაციები, სადაც მუშაობს, მოუწევს კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტისგან ინფორმაციის ბრმად მიღება და საბოლოო ანგარიშით აღმრიცხველს დაემსგავსება, არადა CFO უმაღლესი რგოლის მენეჯერია, ის, პირველ რიგში, მეწარმე უნდა იყოს, რომელიც კარგად ფლობს ფინანსური მენეჯმენტის ხელოვნებას.