ბლოგი

ჩვენ გამოვხატავთ აზრს თქვენთვის საინტერესო საკითხებზე

სარჩევი

უცხოელების მიერ საქართველოში ბიზნესის დაწყება

საქართველოში ბიზნესის წამოწყება და მართვა უცხოელებისთვის ისევეა შესაძლებელი, როგორც ადგილობრივებისთვის. უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, ვინც ლეგალურად შემოვიდა საქართველოში და სურს ახალი ფირმის დაფუძნება ან არსებული, უცხოური კომპანიის შვილობილის / წარმომადგენლობის გახსნა – ეს საკმაოდ მარტივი გასაკეთებელია. ფიზიკურმა პირმა უბრალოდ უნდა გადაწყვიტოს, რა ტიპის ორგანიზაციის ან ინდივიდუალური საწარმოს ამოქმედება ურჩევნია.

ორგანიზაციების ან ინდივიდუალური საწარმოს ტიპები

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) შექმნის გარდა არსებობს სამი სახის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმებიდან ერთ-ერთის გამოყენების შესაძლებლობა:

  1. მიკრო ბიზნესი (ფიზიკური პირები, ვისაც მიღებული აქვთ „მიკრო ბიზნესის“ სტატუსი);
  2. მცირე ბიზნესი (მეწარმე ფიზიკური პირები, ვისაც მიღებული აქვთ „მცირე ბიზნესის“ სტატუსი);
  3. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი.

მიკრო ბიზნესის სტატუსი ენიჭება ისეთ ფიზიკურ პირს, ვინც დამოუკიდებლად ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, არ ქირაობს სამუშაო ძალას და მისი ჯამური შემოსავალი არ აღემატება 30,000 ლარს წელიწადში.

მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭება მეწარმე ფიზიკურ პირს (გაიცემა სერტიფიკატი). თუ მცირე ბიზნესის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა წელიწადში არ გადააჭარბებს 500,000 ლარს – ის დაიბეგრება 1%-იანი განაკვეთით, სხვა შემთხვევაში – 3%-იანი განაკვეთით.

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია, გამოიყენოს აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი, რომლის წარმოების (მათ შორის, ელექტრონული ფორმით) წესს განსაზღვრავს ფინანსთა მინისტრი. საგადასახადო წლის განმავლობაში მცირე ბიზნესის მიერ მიღებული ზარალი მომდევნო წელს არ გადაიტანება, თუ არ ხდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან გამოსვლა.

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი და ამავდროულად ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან რამდენიმე საქმიანობას. ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საქმიანობის სახეების მიხედვით შეიძლება იყოს ან დაბეგვრის ობიექტზე 1-დან 2,000 ლარის ფარგლებში, ან დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 3%.

გარდა იმისა, რომ უცხოელმა მეწარმეებმა საქართველოს ხაზინაში უნდა გადარიცხონ კანონით დადგენილი გადასახადები – მათ ევალებათ საგადასახადო და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან რეგულარული ინფორმაციის წარდგენა და ანგარიშგება. გთავაზობთ ჩვენთან იმეილით (services@kudos.ge) ან ტელეფონით (+995322103410) დაკავშირებას, რათა მიიღოთ სხვადასხვა სახის მომსახურება:

  • იურიდიული პირის დაფუძნება;
  • კონსულტაციები;
  • მისამართის მინიჭება / დომისილაცია;
  • ბუღალტრული აღრიცხვა;
  • საგადასახადო ანგარიშგება;
  • წარმომადგენლობა;
  • ბიუჯეტირება;
  • გუნდის ჩამოყალიბება.

გაზიარება: