ბლოგი

ჩვენ გამოვხატავთ აზრს თქვენთვის საინტერესო საკითხებზე

სარჩევი

კორპორატიული დავები მენეჯმენტში და მათი მოგვარების მეთოდები

კონფლიქტები კომპანიის დამფუძნებლებსა და ხელმძღვანელებს შორის და მათი მოგვარების გზები

ხშირია შემთხვევები, როდესაც ბიზნეს სუბიექტს ჰყავს ერთზე მეტი დამფუძნებელი და მათი ნაწილი არ არის ჩართული კომპანიის საოპერაციო საქმიანობაში, ანუ ე.წ პასიური პარტნიორის როლში არიან.

ბიზნესის ფუნქციონირება მრავალ ოპერაციას გულისხმობს, როგორიცაა სხვადასხვა სახის საქონლის/მომსახურების შეძენა და მიწოდება, შრომის ანაზღაურება, სესხის მიღება/გაცემა, საწესდებო კაპიტალში თანხების შეტანა/გატანა, დივიდენდის გამოცხადება და განაწილება, სალაროს ოპერაციები და სხვა.

 

კორპორატიული დავები და შეუსაბამობების გამოვლენა

სხვადასხვა სახისა და მასშტაბის ბიზნეს ოპერაციები შესაბამის ფინანსურ, მმართველობით და საგადასახადო აღრიცხვას საჭიროებენ. თუმცა არც თუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც კომპანიის ხელმძღვანელი განზრახ თუ უნებლიეთ არ აწარმოებს შესაბამის აღრიცხვას. რაც პასიური პარტნიორების ეჭვის საფუძველი ხდება ხოლმე. დამფუძნებლები ცდილობენ, გამოიკვლიონ თუ რამდენად კეთილსინდისიერად და ეფექტიანად მუშაობდა კომპანიის ხელმძღვანელი, რა პოლიტიკითა და პროპორციით ხდებოდა დივიდენდის გამოცხადება/განაწილება, რა პრინციპითა და ოდენობით უნაზღაურდებოდათ თანამშრომლებს ხელფასი, ფიქსირდებოდა თუ არა არაგონივრული, ზენორმატიული ხარჯები და ა.შ.

ეჭვის გასაქარწყლებლად, როგორც წესი, პასიური პარტნიორები ითხოვენ ფინანსური ანგარიშგების აუდიტს. თუმცა უმრავლეს შემთხვევაში დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა ვერ აწვდით მათ სრულფასოვან ინფორმაციას კომპანიაში გამოვლენილი კონკრეტული უზუსტობების შესახებ და დაინტერესებული მხარეც უკმაყოფილო რჩება.

 

რა ინფორმაციას გვაწვდის აუდიტორის დასკვნა და რა მიზანს ემსახურება ის?

აუდიტორის საერთო მიზანია დასაბუთებული რწმუნების მოპოვება იმის შესახებ, ფინანსური ანგარიშგება, მთლიანობაში, შეიცავს თუ არა თაღლითობით ან შეცდომით გამოწვეულ არსებით უზუსტობას, რაც აუდიტორს შესაძლებლობას მისცემს, გამოთქვას მოსაზრება იმის თაობაზე, არის თუ არა ფინანსური ანგარიშგება მომზადებული, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად.

აუდიტორი აუდიტის წარმართვის დროს ხელმძღვანელობს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებით და მისი სამუშაო მასშტაბი გარკვეულწილად შეზღუდულია, უფრო კონკრეტულად,  აუდიტორი კომპანიის შემოწმების დროს, აკეთებს შერჩევას, ანუ შეისწავლის კომპანიაში განხორციელებული ოპერაციების შესაბამისი დოკუმენტების/მტკიცებულებების არასრულ ნაწილს, ამასთან აუდიტორი განსჯის საფუძველზე განსაზღვრავს არსებითობის დონეს, ანუ უზუსტობების იმ მაქსიმალურ ოდენობას, რომლის აღმოჩენის შემთხვევაშიც, აუდიტორის დასკვნა, შესაძლოა, მაინც დადებითი იყოს.

 

რა სახის ანგარიში უნდა მიიღოს პასიურმა პარტნიორმა კომპანიაში ფინანსური საკითხების გასარკვევად?

  • პირველ რიგში აუცილებელია, დაინტერესებულმა მხარემ ჩამოაყალიბოს ინტერესის სფეროები. მაგალითისთვის:
  • რამდენად სამართლიანად განაწილდა დივიდენდები დამფუძნებლებს შორის;
  • საბაზრო ღირებულებასთან შედარებით რამდენად ადეკვატურ ფასად შეისყიდა კომპანიამ საქონელი ან მომსახურება და ამ კუთხით ჰო არ ჰქონია თანხების მითვისებას ადგილი;
  • აღინიშნება თუ არა კომპანიაში ვირტუალური თანამშრომლების ან სერვისის მომწოდებლების აყვანის და მათზე საზღაურის გაცემის ფაქტები;
  • რამდენად კანონიერად იხდის კომპანია სახელმწიფო გადასახადებს და ნაწილდება თუ არა საბიუჯეტო გადასახდელი თანხები სხვა დანიშნულებით;
  • ფიქსირდება თუ არა კომპანიაში არაგონივრული საოპერაციო თუ არასაოპერაციო ხარჯები;
  • აღინიშნება თუ არა დოკუმენტურად დაუდასტურებელი შემოსავლები, რომლებიც შემდგომ არამიზნობრივად და არაკეთილსინდისიერად ნაწილდება.

ამ და სხვა მსგავსი საკითხების მიმოხილვა და შეუსაბამობების გამოვლენა მეტად მნიშვნელოვანია დამფუძნებლებისთვის. ქუდოს ჯორჯიას კორპორატიული დავების დეპარტამენტის ფინანსისტებისა და იურისტების პროფესიონალთა ჯგუფი, კომპანიის საქმიანობის მიხედვით, წინასწარ განსაზღვრული პროცედურებით უზრუნველყოფს უზუსტობების, შეუსაბამისობების გამოვლენას და დაინტერესბეული მხარეებისთვის მათ წარდგენას.

გაზიარება: