სამშენებლო ინდუსტრია კომპლექსურია და ბევრ მრავალფეროვან ბიზნეს ოპერაციას მოიცავს; არც ბუღალტრული აღრიცხვა და საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმები გამოიყურება მარტივად.
პრობლემური საკითხები და გამომწვევი მიზეზები
ჩვენი დაკვირვებით სამშენებლო ფირმების ბუღალტერიაში განსაკუთრებით საყურადღებო საკითხია მარაგების მართვა. სწორედ ამ მიმართულებით ექმნებათ ხოლმე სამშენებლო კომპანიებს პრობლემები, რაც საბოლოო ანგარიშით, ბიზნესს დიდ ზიანს აყენებს ფინანსური და საოპერაციო თვალსაზრისით.
ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპანიის ბალანსზე ფიქსირდება მარაგები გარკვეული ღირებულებით, თუმცა რეალურად ფირმას ისინი არ გააჩნია, ანუ წარმოქმნილია დანაკლისი. აღნიშნულის გამომწვევი მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს, თუმცა ხშირია მარაგების ჩამოწერის დაგვიანება და შესაბამისი საფუძვლის არარსებობა. კომპანია ვერ ახერხებს გახარჯული მარაგების შესახებ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დროულად მოპოვებას და ბუღალტერიისთვის მიწოდებას. გარდა ამისა ხშირ შემთხვევაში არ ხდება ხოლმე მარაგების გადაადგილების შესახებ ინფორმაციის ცენტრალიზებულად თავმოყრა, რაც საწყობებში მარაგების აღრიცხვიანობის არევას იწვევს.
არანაკლებ მასშტაბური პრობლემაა კომპეტენციის ნაკლებობა: როგორც უკვე ვახსენეთ, სამშენებლო ბიზნესის ბუღალტრული აღრიცხვის პროცესი მაღალი კომპეტენციის საგანია, რის გამოც აუცილებელია, რომ ფინანსური დეპარტამენტის თანამშრომლებს ჰქონდეთ ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და ადგილობრივი საგადასახადო კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა.
ფინანსური და საგადასახადო რისკები
მარაგების აღრიცხვის გაუმართაობა იწვევს დიდ საგადასახადო რისკებს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით მარაგების დანაკლისი, უმრავლეს შემთხვევაში, იბეგრება როგორც დღგ-ით, ისე მოგების გადასახადით. ე.ი დანაკლისის თანხა, შესაძლოა დაიბეგროს დაახლოებით 36%-ით, რასაც დამატებით მოჰყვება ხოლმე ჯარიმებისა და საურავების თანხების დარიცხვა.
ამავდროულად კომპანია ვერ იღებს სწორ ფინანსურ ანგარიშგებას, რაც მენეჯმენტს უნდა ეხმარებოდეს ფინანსური მდგომარეობის ანალიზში. შესაბამისად, წარსული ბიზნეს ოპერაციების ანალიზის არარსებობის პირობებში იკარგება ფინანსური მენეჯმენტის მნიშვნელობა. მაგალითად: კომპანიისთვის, რომელიც აშენებს შენობას და ყიდის ბინების სახით, უმნიშვნელოვანესია ბინების თვითღირებულების სწორად დათვლა და მოგების გაანგარიშება, თუმცა ბევრ შემთხვევაში, სამშენებლო ფირმას აღნიშნული მონაცემები არ გააჩნია და გათვლებს უსაფუძვლოდ, დაუგეგმავად აკეთებს. იმის გამო, რომ ბუღალტრული აღრიცხვა, ფინანსური ანგარიშგება მახინჯდება, რთულდება ინვესტორთან ურთიერთობა და პროექტების დაფინანსება. კომერციული ბანკი რთულად გასცემს სესხს სამშენებლო კომპანიაზე, თუ ვერ დარწმუნდა ფინანსური მონაცემების სისწორეში.
მარაგების მართვის სწორი პოლიტიკა
იმ შემთხვევებში, როდესაც სამშენებლო ფირმაში მარაგების მართვა მოწესრიგებულია, მნიშვნელოვნად მცირდება პრობლემები და შესაბამისი რისკები, მარტივდება ბუღალტრული აღრიცხვაც.
👉 მარაგების მართვის პოლიტიკის დანერგვისას აუცილებელია, გავითვალისწინოთ, რომ:
- მარაგების მიღებისას საჭიროა მათი კატეგორიებად და სახეებად დაყოფა. მაგ: ძირითადი და დამხმარე მასალის მიხედვით, ხელსაწყოებისა და სხვადასხვა აღჭურვილობის მიხედვით;
- კონკრეტული მარაგის მიღებისას უნდა მიეთითოს საწყობის მდებარეობაც, ანუ მარაგების მართვის პროგრამაში (შესაძლოა, იყოს ინტეგრირებული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამასთან) უნდა მოხდეს საწყობების გამიჯვნა;
- მარაგების მიღებისას საწყობის მენეჯერის მიერ უნდა ხდებოდეს რაოდენობის დათვლა და დადოკუმენტირება. დათვლილი რაოდენობა უნდა ედრებოდეს სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებულ რაოდენობას;
- საწყობიდან მარაგის ნებისმიერ გადაადგილებაზე – მ.შ. სამშენებლო ობიექტზე მიტანის შემთხვევაში – უნდა ხდებოდეს შიდა გადაზიდვის ზედნადების ატვირთვა და პროგრამაშიც შესაბამისი ცვლილების ასახვა. სამშენებლო ობიექტზე მასალის მიტანისას, აუცილებელია პასუხისმგებელმა პირმა ჩაიბაროს მიღებული მარაგები და აღნიშნული ფაქტი დადოკუმენტირდეს;
- აუცილებელია მასალის კონკრეტულ სამუშაოზე გახარჯვის საფუძვლის/დოკუმენტის მომზადება. დოკუმენტში სავალდებულოა, ფიქსირდებოდეს: ასაშენებელი ობიექტის მდებარეობა, მასალის დასახელება, განზომილება, რაოდენობა და მიეთითოს რომელ სამუშაოებზე მოხდა მასალების გახარჯვა. ეს ინფორმაცია ბუღალტრისთვის იქნება მასალების კაპიტალიზირების საფუძველი, რომელიც ეტაპობრივად დაგროვდება შუალედური წარმოების (რომელიც, საბოლოოდ მზა პროდუქტად გადაკვალიფიცირდება) ანგარიშზე;
- უმჯობესია კონკრეტულ სამუშაოებზე მასალების ხარჯვის მიკუთვნება, რადგან სწორად მოხდეს თვითღირებულების დათვლა (მაგ. შენობის სართულების მიხედვით);
- ერთი და იმავე სახის სამშენებლო მასალის აღრიცხვა უნდა მოხდეს საერთო დასახელების ან/და კოდის ქვეშ. სწორედ ასეთი კოდის ან/და დასახელების მიხედვით უნდა ხდებოდეს მასალების კონკრეტულ ობიექტზე ხარჯვის დოკუმენტის შედგენა, რათა ბუღალტრულ პროგრამაში მარტივად განხორციელდეს მასალის ჩამოწერა;
- გარკვეული პერიოდულობით უნდა ხდებოდეს მინიმუმ რამდენიმე ანალიტიკა: პროექტის მასალების დაგეგმილ და ფაქტობრივ ხარჯვებს შორის სხვაობის გამოვლენა, კონკრეტულ ობიექტზე მიტანილი მასალებისა და ამ ობიექტზე გახარჯული მარაგების რაოდენობის შედარება, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სხვაობების (და გამომწვევი მიზეზების) ანალიტიკა.
სამშენებლო ფირმების ბუღალტერია ქუდოსთან
ქართული აუდიტორული ფირმა “ქუდოსი” სამშენებლო კომპანიებს ეხმარება ბუღალტრული ბაზის მოწესრიგებაში/აღდგენაში, აწვდის მიმდინარე ბუღალტრული აღრიცხვის მომსახურებას, ამზადებს ყველა სახის ფინანსურ და მმართველობით ანგარიშგებას, რაც საჭიროა ბანკისგან თუ სხვა ინსტიტუტისგან დაფინანსების მოპოვებისთვის.
ჩვენი გუნდი მზადაა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება გაუწიოს იმ დეველოპერულ / სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც აღნიშნული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ.
ტექსტის ავტორი: გიორგი ბალესიაშვილი (Kudos Georgia-ს მმართველი პარტნიორი)