ბლოგი

ჩვენ გამოვხატავთ აზრს თქვენთვის საინტერესო საკითხებზე

სარჩევი

მეწარმის საფირმო სახელწოდება

„ქუდოს ჯორჯია“ წარმოგიდგენთ სტატიების სერიას „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის მოთხოვნებისა და მიდგომების შესახებ

2022 წლის 1 იანვარს საქართველოში შეიცვალა კორპორაციული სამართლის ძირითადი საფუძველი – „მეწარმეთა შესახებ კანონი“. 14 წლის განმავლობაში მოქმედი კანონი გაუქმდა და მისი ადგილი დაიკავა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების შესაბამისმა აქტმა. „ქუდოს ჯორჯია“-ს შეფასებით ახალი კანონი ბევრად უფრო კომპლექსური, მრავლისმომცველი და რთულია, ვიდრე 2021 წლის ჩათვლით მოქმედი რეგულაციები. ფინანსური კომპანია Kudos Georgia-ს მმართველი პარტნიორი, ალექსანდრე მარგიშვილი ქუდოსის გუნდთან ერთად წარმოგიდგენთ სტატიების სერიას ახალი კანონით განსაზღვრული ნორმების შესახებ.

ამასთანავე, ჩვენს სხვა ბლოგებში განხილულია ბუღალტრული აღრიცხვის მომსახურება და მასთან დაკავშირებული საკითხები, ფინანსური მომსახურება და ა.შ.

 

მეწარმის საფირმო სახელწოდება

„მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონში დეტალურად არის განსაზღვრული მეწარმის საფირმო სახელწოდების არსი და გამოყენების პრინციპები.

საფირმო სახელწოდება გულისხმობს სახელწოდებას, რომელიც ასეთად რეგისტრირებულია რეესტრში და რომლითაც მეწარმე ახორციელებს საქმიანობას.

წესდების თანახმად საფირმო სახელწოდებად შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც მეწარმის ან სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის სახელი ან/და გვარი, ასევე ფანტაზიის ნებისმიერი ნაყოფი. აღსანიშნია, რომ სახელწოდებაში კერძო პირის სახელისა ან გვარის გამოყენებისათვის აუცილებელია ამ პირის წერილობითი თანხმობის წარდგენა რეგისტრაციისას.

აუცილებელია, რომ სახელწოდება შეიცავდეს სარეგისტრაციო ფორმის ინიციალებს (შპს, სს, სპს, კს და ა.შ).

მეწარმის საფირმო სახელწოდება უნდა შეიქმნას ქართულ ენაზე და იყოს წინასწარ გადამოწმებული, რომ სახელი არაა ან უკვე რეგისტრირებული ან მოქმედი საწარმოს მსგავსი / იდენტური (განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დიდი ბრენდებისა და პოლიტიკური დასახელებების გამოყენებას).

სახელწოდებაში არ უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი სიტყვა ან სიტყვათწყობა, რომელიც:

  • შეიცავს მოწოდებას ან მოწონებას საქართველოს კანონმდებლობის დებულებების დარღვევისადმი;
  • პროპაგანდას გაუწევს რასიზმსა და სხვა დისკრიმინაციულ განწყობებს / ქმედებას;
  • წარმოადგენს სხვა იურიდიული პირის თანხმობის გარეშე იდენტური და მიმსგავსებული სახელს;
  • შეიცავს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირის თანამდებობის აღმნიშვნელ სიტყვას ან სიტყვათწყობას;
  • უცენზურო ან შეურაცხმყოფელია.

 

მეწარმის საფირმო სახელწოდება არ უნდა შეიცავდეს ისეთ გრაფიკულ სიმბოლოებს,  რომლებსაც არ აქვს ენობრივი ნორმებით დადგენილი ბგერითი ან სიტყვიერი შესატყვისი.

პირი,  რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ სარგებლობს სხვა იურიდიული პირის საფირმო სახელწოდებით, ვალდებულია უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე შეწყვიტოს ასეთი სარგებლობა და აანაზღაუროს მართლსაწინააღმდეგო სარგებლობით გამოწვეული ზიანი.

მეწარმის საფირმო სახელწოდება უნდა შეიცვალოს ან მას უნდა დაერთოს დამატება,  თუ ეს საჭიროა ამ სახელწოდების სხვა მეწარმის საფირმო სახელწოდებისგან გასასხვავებლად.

ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა სამეწარმეო საზოგადოებამ საქმიან წერილზე საფირმო სახელწოდებასთან ერთად უნდა მიუთითოს დამატება „ლიკვიდაციის პროცესში“.  იგივე წესი ვრცელდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მყოფ პირზე.  ეს პირი ვალდებულია მიუთითოს აგრეთვე „გადახდისუუნარობის პროცესში“ ან მიუთითოს გადახდისუუნარობის კონკრეტული რეჟიმის თაობაზე − „რეაბილიტაციის რეჟიმში“ ან „გაკოტრების რეჟიმში“.

სახელწოდების ნორმები რეგულირდება მარეგისტრირებელი ორგანოს შესაბამის მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით.

დეტალური ინფორმაცია მოცემულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლში „მეწარმის საფირმო სახელწოდება.“

გაზიარება: