ბლოგი

ჩვენ გამოვხატავთ აზრს თქვენთვის საინტერესო საკითხებზე

სარჩევი

რა უნდა მოიმოქმედონ კომპანიის მეწილეებმა, როდესაც ვერ თანხმდებიან ერთმანეთში?

ბიზნეს დავა მეწილეებს შორის

ბიზნესს ხშირად ერთზე მეტი ადამიანი იწყებს, რასაც ბევრი დადებითი მხარე აქვს: ჩნდება მეტი საინტერესო იდეა და შესაბამისად, შესაძლებლობებიც იზრდება, მარტივდება ბიზნეს პრობლემების თუ გამოწვევების გადალახვა და ზოგადად საქმე უფრო სწრაფად მიდის წინ, თუმცა პრაქტიკაში არც თუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც კომპანიის დამფუძნებლებს, მეწილეებს შორის წარმოიქმნება გაუგებრობა, რაც ბიზნესის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმძიმესი შემაფერხებელი ფაქტორია.

კორპორატიული გაუგებრობების წარმოქმნის დროს მეწილეებმა უნდა იზრუნონ უთანხმოების მოგვარებაზე, თანაც ძალიან სწრაფად, ან თუ კონსესუსი არ/ვერ მიიღწევა – მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რაც ბიზნესის ფუნქციონირებას ხელს არ შეუშლის.

 

მეწილეებს შორის გაუგებრობის მიზეზები

 

ჩვენი დაკვირვებით მეწილეებს შორის გაუგებრობის გამომწვევი ორი ძირითადი მიზეზი იჩენს ხოლმე თავს:

  1. ის მეწილეები, რომლებიც აქტიურად არ მონაწილეობენ კომპანიის ფუნქციონირებაში (ე.წ. პასიური მეწილეები), ვერ იღებენ სრულფასოვან ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ. პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება, როდესაც პასიური მეწილე ვერ იღებს დივიდენდს ან სხვა სახის ფინანსურ სარგებელს კომპანიიდან.

აღნიშნულ შემთხვევაში აუცილებელია დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი კონსულტანტის დაქირავება, რომელიც შეისწავლის და პასიურ მეწილეს წარუდგენს კომპანიაში მომხდარი მოვლენების შესახებ ინფორმაციას და გამჭვირვალეს გახდის მდგომარეობას. ამ მიმართულებით Kudos Georgia-მ განავითარა ახალი მომსახურების ხაზი დამფუძნებლის წარმომადგენლობა .

ჩვენ გარკვეული პერიოდულობით ვიკვლევთ კომპანიის ოპერაციებს, რეზულტატებს, ტენდენციებს, შექმნილ მდგომარეობას და შედეგად დამფუძნებელს ანგარიშის სახით წარვუდგენთ:

  • საბაზრო ღირებულებასთან შედარებით რამდენად ადეკვატურ ფასად შეისყიდა კომპანიამ სხვადასხვა საქონელი / მომსახურება და ამ კუთხით ხომ არ ჰქონია თანხების გაფლანგვას ან მითვისებას ადგილი;
  • ფიქსირდება თუ არა კომპანიაში ფიქტიური / ვირტუალური თანამშრომლების ან სერვისის მიმწოდებლების აყვანის და მათზე საზღაურის გაცემის ფაქტები;
  • რამდენად კანონიერად და დროულად იხდის კომპანია სახელმწიფო / ადგილობრივ გადასახადებს და ჰო არ ნაწილდება საბიუჯეტო გადასახდელი თანხები სხვა დანიშნულებით;
  • ფიქსირდება თუ არა კომპანიაში არაგონივრული საოპერაციო თუ არასაოპერაციო ხარჯები;
  • აღინიშნება თუ არა დოკუმენტურად დაუდასტურებელი შემოსავლები, რომლებიც შემდგომ არამიზნობრივად და არაკეთილსინდისიერად იხარჯება;
  • რამდენად სწორად, ზუსტად, დროულად და სრულად აღირიცხება ბუღალტერიაში სამეურნეო ოპერაციები;

ქუდოსი პარალელურად აკეთებს კომპანიის ზოგად ფინანსურ მომიხილვასა და შეფასებას, პასიურ დამფუძნებელს აწვდის ინფორმაციას ხარჯებისა და შემოსავლების დინამიკაზე, წარუდგენს სხვადასხვა სახის ფინანსურ რეპორტს, რის საფუძველზეც იგი იქმნის წარმოდგენას კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე.

 

ხაზგასასმელია, რომ შესაძლოა, კომპანიის პასიურ მეწილეს მენეჯმენტისგან წარედგინება ფინანსური ან/და მმართველობითი რეპორტები, თუმცა დამფუძნებელი ვერ იღებს რწმუნებას მათ სიზუსტეზე.

 

  1. განსხვავდება მეწილეების შეხედულებები კომპანიის განვითარებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იჩენს თავს, როდესაც რომელიმე მეწილე ამავდროულად კომპანიის ხელმძღვანელიცაა.

 

აღნიშნულ შემთხვევაში Kudos Georgia დამკვეთ კომპანიებს სთავაზობს მრჩეველთა საბჭოს (Advisory Board) ჩამოყალიბებას, რომელიც შედგება სხვადასხვა დარგის პროფესიონალებისგან. ხშირ შემთხვევაში ფინანსური მენეჯმენტის ნაწილში ასეთ საბჭოში ქუდოსის კონსულტანტები შედიან.

მრჩეველთა საბჭოს ამოქმედების შემდეგ სტრატეგიული გადაწყვეტილებები უფრო იოლად მიიღება და კომპანიის მიერ გადასადგმელი ნაბიჯები გამყარებულია გაანალიზებული სტატისტიკით. სტრატეგიული განვითარების გეგმა აღარ არის დამოკიდებული მხოლოდ ერთი ადამიანის ხედვასა და გადაწყვეტილებაზე.

 

გისურვებთ საუკეთსო ფინანსურ გარემოს!

 

გიორგი ბალესიაშვილი

„ქუდოს ჯორჯია“-ს მმართველი პარტნიორი

გაზიარება: