ბლოგი

ჩვენ გამოვხატავთ აზრს თქვენთვის საინტერესო საკითხებზე

სარჩევი

მიგნება ფინანსურ მენეჯმენტში, დაშვება და შემდეგ პროგნოზი

მიგნება ფინანსურ მენეჯმენტში

ფინანსური მართვის გამართულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს კომპანიის განვითარებისთვის, შესაძლებლობების ანალიზისთვის, რისკების დაზღვევისთვის, ეფექტური ფუნქციონირებისთვის, ბიზნესიდან მეტი სარგებლის მიღებისთვის და ზოგადად საქმის წარმატებისთვის.

ქუდოს ჯორჯიას დაკვირვებით ქართული კომპანიების წარუმატებელი მუშაობის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი სწორედ ფინანსური დეპარტამენტის გაუმართაობაა.

ფინანსურ მენეჯმენტში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და კომპლექსური საკითხი ფინანსური პროგნოზის სწორი და სრული მომზადებაა, რომელიც საბოლოოდ, ფირმის გზამკვლევი უნდა გახდეს. პროგნოზის მომზადებამდე კომპანია რამდენიმე აუცილებელ ეტაპს გადის.

ფინანსური პროგნოზის მომზადებამდე აუცილებელია მენეჯმენტმა გააკეთოს მიგნება, რაც ზოგადად, კომპანიის ყოველმხრივ წარმატებას უზრუნველყოფს. მიგნება გულისხმობს აღმოჩენას, მიხვედრას, მიკვლევას და იდენტიფიცირებას იმ კრიტიკული ტენდენციების, ფაქტორების, რომლებიც კომპანიის კონრეტულ შედეგებს განაპირობებენ.

მარტივი მაგალითი: შესაძლოა, სადისტრიბუციო კომპანიამ აღმოაჩინოს, რომ გარკვეულ უბნებში, ცალკეული მაღაზიების მიხედვით, კონკრეტული პროდუქტი წარმატებით ან წარუმატებლად იყიდება და გამოიკვლიოს ამის გამომწვევი მიზეზი, რაც იმას ნიშნავს, რომ მენეჯმენტმა მიაგნოს იმ მნიშვნელოვან ფაქტორს, რაც კომპანიის საბოლოო შედეგებზე აისახება.

საინტერესოა, როგორ უნდა გააკეთოს კომპანიამ სწორი მიგნება?

მიგნების საუკეთესო საშუალება რეპორტინგის სისტემის გამართვაა. დეტალური რეპორტინგი კომპანიას საშუალებას აძლევს, დააკვირდეს ყველა მიმართულებას, შეადაროს გასული პერიოდის მაჩვენებლები მიმდინარეს, დაითვალოს პროდუქტებისა თუ ხაზების მომგებიანობა ობიექტებისა და ტერიტორიების მიხედვით, განსაზღვროს მომხმარებლების ლოიალურობის მაჩვენებელი, გარკვეული კრიტერიუმებით სეგმენტებად დაყოს დამკვეთები და შემდეგ მიზნობრივად იმოქმედოს მათთან მიმართებით. კიდევ ბევრი სახის რეპორტის ჩამოთვლა შეიძლება, რაც ჯამში ქმნის სისტემას, რომელიც ყველა კითხვაზე პასუხს იძლევა და საბოლოოდ მივყავართ მიგნებამდე.

მიგნების შემდეგ (ფინანსურ პროგნოზირებამდე) აუცილებელია, გავაკეთოთ გარკვეული დაშვებები. ისინი ვერ იქნება აბსოლუტურად ზუსტი, თუმცა აუცილებლად უნდა ეყრდნობოდეს სანდო სტატისტიკას და ამცირებდეს განუსაზღვრელობებს. სანდო სტატისტიკა სწორედ ზემოთ ხსენებული რეპორტებია. დაშვება წარმოადგენს გარკვეული მოვლენის მოხდენის ვარაუდს, რომელიც გამყარებულია წარსული მონაცემებით.

დაშვებების განსაზღვრის შემდეგ იწყება ფინანსური პროგნოზის მომზადების პროცესი, რაც სირთულეს აღარ წარმოადგენს, რადგან მიგნებისა და დაშვების ეტაპი უკვე გადალახულია.

მენეჯმენტმა თუ კარგად იცის წარსული, მას აწმყოს კონტროლიც შეუძლია! ეს კომპანიას მომავლის სწორ დაგეგმვაში დაეხმარება. საფუძვლიანი ერუდიცია და თანადროული ვითარების ცოდნა – ეს არის ორი ძირითადი ქვაკუთხედი.

შეჯამების სახით: ის კომპანიები, რომლებიც პირველები აკეთებენ სწორ მიგნებას, არსებითად წინ არიან სხვა კომპანიებთან შედარებით, რადგან დროულად გეგმავენ ოპტიმალურ სამოქმედო გეგმას და შეცდომებს ნაკლებად უშვებენ.

 

გიორგი ბალესიაშვილი

გაზიარება: