ბლოგი

ჩვენ გამოვხატავთ აზრს თქვენთვის საინტერესო საკითხებზე

სარჩევი

ერთი სახის ნედლეულისგან მიღებული ორი ან მეტი პროდუქტის ბუღალტრული აღრიცხვა

ორი ან მეტი ძირითადი პროდუქტის ბუღალტრული აღრიცხვა

განმარტებები:

ერთობლივად წარმოებული/შეუღლებული პროდუქტები (Joint products) – ერთი ტიპის ნედლეულის გადამუშავებიდან მიღებულ ორი ან მეტი სახეობის პროდუქტი.

თანმდევი პროდუქტი (By-product) – პროდუქტი, რომელიც ძირითადი პროდუქტების წარმოების პროცესში პარალელურად წარმოიქმნება.

კომპლექსური წარმოება – წარმოება, რომლის შედეგად ერთი სახის ნედლეულიდან მიიღება ორი ან მეტი დასახელების პროდუქტი.

 

წარმოების ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგების მომზადება

ჩვენს წინა ბლოგში განვიხილეთ წარმოების სფეროში მოქმედი კომპანიების ბუღალტრული აღრიცხვა და მასთან დაკავშირებული რისკები. კომპლექსური წარმოების პროცესში ერთი სახის ნედლეულის გადამუშავებიდან ორი ან მეტი სახის პროდუქტი მიიღება. მომენტს, როდესაც სხვადასხვა პროდუქტი ერთმანეთისგან გამოიყოფა, გაყოფის წერტილს უწოდებენ. გაყოფის წერტილამდე გაწეული წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები, ყველა შემდგომ განცალკევებადი პროდუქტისთვის საერთოა, ასეთ ხარჯებს შეგვიძლია კომპლექსური ხარჯები ვუწოდოთ. გაყოფის წერტილის შემდგომი წარმოების ხარჯების მიკუთვნება  გაყოფილ პროდუქტებზე შედარებით მარტივია. ამიტომ, წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ შეუღლებულ პროდუქტებს შორის გაყოფის წერტილამდე კომპლექსური ხარჯების განაწილების მეთოდს, უფრო კონკრეტულად კი, გაყოფის წერტილში სარეალიზაციო ფასის პროპორციული გადანაწილების მეთოდს.

სიმარტივისთვის, განვიხილოთ მაგალითი, როდესაც  პროდუქტისთვის მხოლოდ გადახდილი თანხის, ანუ შეძენის ღირებულების გამიჯვნა გვსურს და დროებით დავივიწყოთ პროდუქტის გადამუშავებისთვის საჭირო ზედნადები ხარჯები.

დავუშვათ, რომ X პროდუქტის გადამუშავებიდან, გაყოფის წერტილის შემდეგ მივიღეთ ორი პროდუქტი (Y  და Z). Y-ის რაოდენობაა 10 კგ, Z-ის რაოდენობა – 15 კგ. X პროდუქტისთვის გადახდილია 250 ლარი. რა ღირებულება ექნებათ ცალ-ცალკე Y  და Z პროდუქტებს?

სარეალიზაციო ფასის პროპორციული გადანაწილების მეთოდის მიხედვით, პირველ რიგში, აუცილებელია განვსაზღვროთ 1კგ Y-ის და 1კგ Z-ის სარეალიზაციო ფასები. პირობითად, Y-ის სარეალიზაციო ფასია 50 ლარი, ხოლო Z-ის – 75 ლარი. ამის შემდეგ, დავთვალოთ პროდუქტის ღირებულება სარეალიზაციო ფასების მიხედვით:

პროდუქტიერთეულიერთეულის სარეალიზაციო ფასი (ლარი)ფაქტობრივად მიღებული რაოდენობა ერთეულშიფაქტობრივად მიღებული რაოდენობის სარეალიზაციო ფასი (ლარი)
ABA*B
პროდუქტი “Y”კგ5010500
პროდუქტი “Z”კგ75151,125
1,625

როგორც ჩანს, მიღებული ორი პროდუქტის ჯამურმა სარეალიზაციო ფასმა 1,625 ლარი შეადგინა. ამის შემდეგ, დავთვალოთ თითოეული პროდუქტის სარეალიზაციო ფასის პროცენტული წილი ჯამურ სარეალიზაციო ფასთან მიმართებაში:

პროდუქტიფაქტობრივად მიღებული რაოდენობის სარეალიზაციო ფასი (ლარი)% წილი ჯამურ სარეალიზაციო ფასთან მიმართებით
პროდუქტი “Y”50031% (500/1,625*100)
პროდუქტი “Z”1,12569% (1,125/1,625*100)
1,625100%

 

თითოეული პროდუქტის პროცენტული წილის გამოანგარიშების შემდეგ შეგვიძლია, აღნიშნული პროპორციები მივუყენოთ პროდუქტ X -თვის გადახდილ თანხას, ანუ 250 ლარს. გამოვა, რომ Y და Z პროდუქტების თვითღირებულება იქნება შემდეგი:

პროდუქტითვითღირებულება% წილი ჯამურ სარეალიზაციო ფასთან მიმართებით
X-ის ღირებულება250
პროდუქტი “Y” 77 (250*31%)31% (500/1,625*100)
პროდუქტი “Z” 173 (250*69%)69% (1,125/1,625*100)
250100%

ჩვენ მიერ განხილილ მაგალითში, X პროდუქტის თვითღირებულებად მხოლოდ შეძენის ღირებულება გავითვალისწინეთ, თუმცა, რეალურად, შეძენის ღირებულებას დაემატება გაყოფის წერტილამდე წარმოებასთან დაკავშირებული პირდაპირი ხარჯები და ჯამური თვითღირებულება გადანაწილდება სარეალიზაციო ფასების პროპორციულად, როგორც ზემოთ განვიხილეთ.

რაც შეეხება თანმდევ პროდუქტს, მას თვითღირებულება არ აქვს, ის უნდა შეფასდეს შესაძლო სარეალიზაციო ფასით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გაყოფის წერტილის შემდეგ თანმდევ პროდუქტს გასაყიდად მომზადებისთვის გარკვეული ხარჯების გაწევა დასჭირდება, ისინი მისი თვითღირებულების ნაწილი გახდება.

იმედი გვაქვს, ჩვენი სტატიის წაკითხვის შემდეგ თავისუფლად შეძლებთ ერთი სახის ნედლეულის გადამუშავებიდან მიღებული ორი ან მეტი პროდუქტის ბუღალტრულად სწორ აღრიცხვას.

Kudos Georgia – ქუდოს ჯორჯია

ვქმნით უკეთეს საფინანსო გარემოს!

გაზიარება: