საქართველოს მსგავსი განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოზიდვა წარმოადგენს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ხელს უწყობს ქვეყანაში კაპიტალის მოცულობის ზრდას, ვალუტის კურსის სტაბილურობას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, შრომითი კაპიტალის განვითარებას, თანამედროვე ტექნოლოგების ათვისებას და სხვა პროგრესულ მოვლენებს, ამასთან ის ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს.
რა არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI)
კლასიკური გაგებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI – Foreign Direct Investment) წარმოადგენს ინვესტიციას ქვეყნის წარმოებასა და ბიზნესში უცხოური საწარმოს მიერ, როგორც კომპანიის შეძენით ასევე არსებული ბიზნესის გაფართოებით გზით.
როგორ გამოითვლება და ვინ ითვლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მაჩვენებლებს
ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ინფორმაციის წარმოება და გავრცელება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პრეროგატივას წარმოადგენს. სტატიკური ცნებებისა და განსაზღვრებების მიხედვით – პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საერთაშორისო საინვესტიციო საქმიანობის კატეგორიაა, რომელიც გულისხმობს ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებულ ეკონომიკურ სუბიექტში წილის, აქციების ან ხმის უფლების 10%-ის ან მეტის ფლობას (ან ეკვივალენტურ ძალაუფლებას) და ამ კომპანიასთან დაკავშირებული სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის ოპერაციების წარმოებას. პირდაპირი ინვესტიციები მოიცავს არა მხოლოდ კაპიტალის ჩადების საწყის ოპერაციას, არამედ ყოველ შემდგომ ოპერაციას პირდაპირ ინვესტორსა და პირდაპირი ინვესტირების საწარმოს შორის. აღნიშნული განსაზღვრება ასევე ვრცელდება ფულად ან/და ნატურალურ ინვესტიციებზე ურთიერთდაკავშირებულ საწარმოებს შორის, ანუ კაპიტალურ ინვესტიციებზე ფილიალებსა და მათ სათავო ოფისებს შორის. პირდაპირი ინვესტორის როლში შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური პირები, ინკორპორირებული ან არაკორპორირებული კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციები.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) დინამიკა 1997 წლიდან
ჩვენს ქვყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია 1997 წლიდან წარმოებს, თუმცა მეტნაკლებად სრულყოფილი მონაცემების მოძიება 2007 წლიდან არის შესაძლებელი.
მოცემული გრაფიკი ასახავს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას 1997 წლიდან 2020 წლის ჩათვლით
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ბოლოს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მაჩვენებლები შეცვალა, რისთვისაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) რეკომენდაციები მოიშველია და ცვლილება სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ეროვნული ბანკის მონაცემების შესაბამისობაში მოყვანით ახსნა.
შესწორებების შედეგად პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორცილების მხრივ რეკორდულად მიჩნეულმა 2007 წლის მაჩვენებლებმა რომელიც თავდაპირველად 2,015 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა ცვლილება განიცადა (შემცირდა 265 მლნ. აშშ დოლარით – 1,764.7 მლნ. აშშ დოლარამდე) და პირველი ადგილი 2017 წლის მონაცემებს (1,978.3 მლნ. აშშ დოლარი) დაუთმო. აღნიშნულმა გადაწყვეტილება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სანდოობასთან დაკავშირებული კითხვების გაჩენასთან ერთად მნიშვნელოვანი დაბნეულებმა შეიტანა დაინტერსებულ ინვესტორებსა და საფინანსო წრეებში.
კრიტერიუმები, რომლითაც ინვესტორები ხელმძღვანელობენ
ბიზნესის განვითარებისათვის ახალი ბაზრების ათვისების კუთხით დაინტერესებული ინვესტორებისათვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ქვეყნის საგადასახადო გარემო – ის, თუ რამდენად ლიბერალურია საგადასახადო კანონმდებლობა, როგორია ქვეყანაში მოქმედი გადასახადები, რამდენად თანაბარ პირობებში აყენებს საკანონმდებლო გარემო უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორს.
თუმცა მხოლოდ აღნიშნული ფაქტორით არ ხდება გადაწყვეტილების მიღება: ინვესტორები ეძებენ ისეთ ქვეყნებს, სადაც სტაბილური პოლიტიკური გარემოა, არ არსებობს ან მინიმუმამდეა დაყვანილი საგარეო რისკ ფაქტორები, იოლია ბაზარზე შეღწევა და არსებობს ექსპორტის დიდი პოტენციალი. საბოლოოდ აღნიშნული ფაქტორები ქვეყნის მიმართ პოზიტიურ მოლოდინსა და დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებაში გარდაიქმნება, რაც გადაწყვეტილების მიღების არსებით წინაპირობას წარმოადგენს.
FDI-ის კლებადი დინამიკა
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მაჩვენებლები 2014 წლიდან მოყოლებული დღემდე კლების ტენდენციით ხასიათდება (გამონაკლის წარმოადგენდა 2017 წელი). აღნიშნულ კლების დინამიკას Covid-19-ის გლობალური პანდემიით გამოწვეული სირთულეებიც დაემატა და შედეგად მივიღეთ, რომ 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარი მონაცემები (617 მლნ. აშშ დოლარი) ბოლო 14 წლის ისტორიულ მინიმუმზეა.
აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყნის მაკროეკონომიკური გარემო დიდად არ შეცლილა – არ გაზრდილა საგადასახადო ტვირთი, არ დაწესებულა მკაცრი შეზღუდვები საინვესტიციო კუთხით, თუმცა ფაქტია, რომ ქვეყანა კარგავს საინვესტიციო მიმზიდველობას.
ინვესტიციების შემოდინების ძირითად შემაფერხებელ ფაქტორად ქვეყანში სხვადასხვა მიმართულებით შექმნილი არაჯანსაღი გარემო და სასამართლო სისტემაში არსებული არასახარბიელო მდგომაროება უნდა მივიჩნიოთ.
უკანასკნელ წლებში ქვეყნისათვის სტრატეგიული საინვესტიციო პროექტების შეჩერებამ და მსხვილ კომპანიებთან დაკავშირებით მიღებულმა საკამათო, გაუმჭვირვალე სასამრთლო გადაწყვეტილებებმა საერთაშორისო მასშტაბი შეიძინა. იზრდება იმ ინვესტორთა რიცხვი, ვინც საკუთარი ინტერესების დასაცავად საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებს მიმართავს. შედეგად ზარალდება ქვეყნის, როგორც საინვესტიციო დანიშნულების იმიჯი, რაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებას.
რა უნდა შეიცვალოს?
ივნისის თვეში მთავრობამ გამოაქვეყნა ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმის ძირითადი მიმართულებები, ხოლო მაისში მთავრობამ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი წარადგინა.
აღნიშნული გადაწყვეტილებები პოზიტიურ გზავნილად შეგიძლია, აღვიქვათ, თუმცა ჩვენ გვახსოვს მთავრობის სხვადასხვა უწყებების მიერ სხვადასხვა დროს შემუშავებული ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიები და კონცეფციები, რომელთა ეფექტურ განხორციელებაზე საუბარი ძალიან რთულია.
შესაბამისად, მხოლოდ დოკუმენტების (თუნდაც ძალიან ამბიციური შინაარსი შემცველი იყოს) შემუშავება ან დამტკიცება, შედეგს ვერ მოიტანს და საინვესტიციო გარემოს ვერ გააუმჯობესებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებას დროულად მოჰყვეს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები, რაც აუცილებლად უნა აისახოს სასამართლო და საკანონმდებლო რეფორმებში, კაპიტალის ბაზრის განვითარებაში, მიზნობრივი პროგრამების გაფართოვებაში.
საბოლოო ანგარიშით ინვესტორის მიერ სახელმწიფო უნდა აღიქმებოდეს, როგორც პარტნიორი და გარანტორი, რომელიც ქმნის ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს, არ ერევა ბიზნესის საქმიანობაში, უზრუნველყოფს მის დაცულობასა და მუდმივ მზაობას გამოხატავს მის წინაშე არსებული პრობლემების განხილვასა და სამართლიანი გადაწყვეტისათვის.
ირაკლი ჟვანია