საქართველოს ეკონომიკაში სარესტორნო ბიზნესს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და სასიხარულოა, რომ ბოლო პერიოდში არსებითად მოიმატა სარესტორნო ობიექტების რაოდენობამ. ძირითადად იხსნება მცირე ზომის კაფე-ბარები, თუმცა ფუნქციონირებას გრძელვადიან პერიოდში ყველა ვერ ახერხებს. ხშირია გადეფოლტების შემთხვევები და ამის გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს: შეუსაბამო ადგილმდებარეობა, დიზაინი, ფასები, ბრენდი, მომსახურების ხარისხი, ბიზნესის დაწყების დრო და სხვა. Kudos-ის პრაქტიკის გათვალისწინებით სარესტორნო ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა და წარუმატებლობის მიზეზი – კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაურკვევლობაა.
სარესტორნო ობიექტების უმრავლესობას:
- არ აქვს მოწესრიგებული საკვები პროდუქტებისა და კოქტეილების კალკულაციები; შესაბამისად სრულად ვერ ხედავენ პროდუქტის თვითღირებულებასა და მომგებიანობას. შესაძლოა, გარკვეული სახის პროდუქცია საერთოდ არც არის მომგებიანი და საჭირო იყოს მათი მენიუდან ამოღება. ამასთან, მენეჯერები ვერ გამოარჩევენ ყველაზე მომგებიან პროდუქტებს, რომელთა გაყიდვის წახალისება ფირმას მეტ მოგებას მოუტანდა.
- პროდუქტის ბაზარში შეძენისას არ აფორმებს შესყიდვის აქტებს, სადაც ძირითადად შესყიდული საქონლის რაოდენობა და ფასები უნდა იყოს მოცემული. ეს გარემოება საგადასახადო კუთხით ორ პრობლემას იწვევს: 1. შემოსავლების სამსახურს ამ შემთხვევაში უფლება აქვს ოპერაცია დააკვალიფიციროს, როგორც ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის და დაბეგროს მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით ან/და 2. აირჩიოს დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის არაპირდაპირი მეთოდი, რაც უმრავლეს შემთხვევაში, უფრო მეტი გადასახადისა და დამატებით შესაბამისი სანქციის გადახდას გულისხმობს.
- არ გააჩნია ნაღდი ფულის მოძრაობის კონტროლის სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ რესტორანს ურჩევნია თანხის ქეშად მიღება (მიზეზთა გამო), ბევრი მომხმარებელი მაინც საბანკო ბარათს იყენებს, კომპანიას შემოსავალი ოფიციალურად უფიქსირდება, ხოლო ხარჯვის ნაწილს უზრუნველყოფს ნაღდი ფულით (ძირითადად, ბაზარში საქონლის შესასყიდად და ხელფასების ასანაზღაურებლად). როდესაც რესტორანს ნაღდი ფულით შეძენილი საქონლის შესაბამისი დოკუმენტები არ აქვს, ავტომატურად დანაკლისად კვალიფიცირდება და ეს ოპერაციაც საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი ხდება.
- ოპერაციების აღურიცხველობა იმასაც იწვევს, რომ რესტორანმა არ იცის მომწოდებლების მიმართ არსებული დავალიანება, რის გამოც კომპანიიდან თანხები ნაწილდება არამიზნობრივად, საბოლოო ანგარიშით კი მომწოდებლებისადმი ვალი იზრდება და იქმნება ქაოსი, კონსიგნაციით ვეღარ ხდება პროდუქციის შეძენა, რესტორანი ვეღარ ყიდულობს ნედლეულს და ფიქსირდება მზა პროდუქტის დანაკლისები და მომხმარებელს ვერ სთავაზობს ობიექტი სრულ ასორტიმენტს, რაც მიუღებელ შემოსავალს ნიშნავს.
- აღრიცხვიანობის მოუწესრიგებლობა დამფუძნებლებს შორის ბევრ უპასუხო კითხვას ბადებს და შემდეგ კონფლიქტებსაც იწვევს ხოლმე, რაც ბიზნესისთვის დამღუპველია.
დამატებით ბევრი პრობლემის ჩამოთვლა შეიძლება, თუმცა საბოლოო ანგარიშით სარესტორნო ბიზნესს ორი ვარიანტიდან აქვს არჩევანი გასაკეთებელი:
- ფუნქციონირება გააგრძელოს აღრიცხვიანობის გარეშე, ატაროს/ზარდოს საოპერაციო და საგადასახადო რისკი, კომპანიის მართვაში დაეხარჯოს არაადეკვატურად დიდი დრო, ან
- მოაწესრიგოს აღრიცხვიანობა, მოამზადოს სხვადასხვა სახის რეპორტი, რომელიც წარმოაჩენს კომპანიის რეალურ მდგომარეობას და საშუალებას მისცემს, მომავალში სწორად დაგეგმოს ოპერაციები, თავიდან აირიდოს ზედმეტი საგადასახადო პასუხისმგებლობა, კონფლიქტები პარტნიორებთან თუ მომწოდებლებთან და იფიქროს მხოლოდ ბიზნესის განვითარებაზე.