საქართველოს მსგავს განვითარებად ქვეყნებში ფუნქციონირებადი კომპანიების მართვა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ხელმძღვანელმა უნდა აკონტროლოს ყველა დეპარტამენტი/მიმართულება, იზრუნოს კადრების განვითარებაზე, მუდმივად დაგეგმოს და გადაგეგმოს ბიზნეს ოპერაციები და ა.შ. გარდა ამისა, სახსრების უქონლობისა და არაკვალიფიციური კადრების გამო დირექტორებს ხშირად თავად უწევთ ტექნიკური, ე.წ. „შავი“ სამუშაოს შესრულება, ითავსებენ რამდენიმე ადამიანის ფუნქციას, შემდეგ კი ძალაუნებურად ეჩვევიან ამ მდგომარეობას და განიცდიან, თითქოს ამგვარი რუტინის გარეშე კომპანია დაიღუპება.
კომპანიის დაფუძნებისა და ამოქმედების საწყის ეტაპზე შესაძლოა, მისაღები იყოს ხელმძღვანელის მრავალფუნქციურობა, მაგრამ განვითარების გარკვეულ ეტაპზე შეუძლებელი ხდება ფირმის დამოკიდებულება მხოლოდ ერთ ადამიანზე. ამ შემთხვევაში ხელმძღვანელს პირადი ცხოვრება აღარ აქვს და სამსახურეობრივ მოვალეობასაც მხოლოდ ნაწილობრივ ასრულებს, რადგან დრო აღარ რჩება მმართველის რეალური ფუნქციების შესასრულებლად. როდესაც კომპანიაში ყველაზე დიდ აქტივს ერთი ადამიანი წარმოადგენს, ბიზნესის ღირებულებაც არსებითად მცირდება, რადგან სისტემა არ მუშაობს და ერთი ადამიანის კომპანიიდან წასვლით ბიზნესი კრახისთვის იქნება განწირული.
ქუდოსის პრაქტიკაში დირექტორები ზოგჯერ ფინანსისტის და ბუღალტრის ფუნქციებსაც კი ასრულებენ ხოლმე. ამზადებენ გარკვეულ რეპორტებს კომპანიის რეალური მდგომარეობის ანალიზისთვის, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ვერც ეს ფუნქციაც სრულდება სრულფასოვნად. რეპორტების მომზადებას არ აქვს სისტემატიური სახე და ამ შემთხვევაში უმჯობესია, საერთოდ არ დაიხარჯოს მასზე დრო. რეპორტინგს მაშინ აქვს აზრი, როდესაც თანმიმდევრულია, უწყვეტი და შესადარისი წარსულ პერიოდთან.
ჩვენს დამკვეთ კომპანიებში ხელმძღვანელებს არსებითად გამოვუთავისუფლეთ დრო, დავნერგეთ სწრაფი რეპორტინგის სისტემა, გავმართეთ ფინანსური დეპარტამენტი, ავამუშავეთ კონტროლის მექანიზმები. დირექტორები იღებენ ზუსტად იმ რეპორტებს, რაც სჭირდებათ გააზრებული გადაწყვეტილების მისაღებად და შედეგად მათი ძირითადი დრო კომპანიის სტრატეგიულ განვითარებას ეთმობა.