- ოფციონები – დამფუძნებლის ყველაზე ჭკვიანი ინვესტიცია მენეჯმენტში
როდესაც მაღალი ხელფასი აღარ არის საკმარისი.
წარმოიდგინეთ ასეთი სცენარი: თქვენი კომპანია იზრდება, გაყიდვები მატულობს, პროცესები სტაბილურდება. ამ წარმატებაში ერთ-ერთი მთავარი როლი თქვენს საუკეთესო მენეჯერს ეკუთვნის. ის პროფესიონალია: პასუხისმგებლიანი, შედეგზე ორიენტირებული და კომპანიის თითქმის ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში მონაწილეობს, თუმცა ერთ დღეს იგებთ, რომ პარალელურად საკუთარ ბიზნეს-იდეაზეც მუშაობს. რამდენიმე თვეში კი, შესაძლოა, საერთოდ დატოვოს კომპანია.
პრობლემა ყოველთვის ხელფასი არ არის.
ხშირად საუკეთესო მენეჯერები ტოვებენ კომპანიებს არა იმიტომ, რომ ნაკლებს გამოიმუშავებენ, არამედ იმიტომ, რომ საკუთარ მომავალს სხვა ადგილას ხედავენ. მათ სურთ, შექმნან რაღაც საკუთარი, იყვნენ არა მხოლოდ თანამშრომლები, არამედ მფლობელები.
სწორედ აქ ჩნდება დამფუძნებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა:
- როგორ ვაქციოთ ძლიერი მენეჯერი კომპანიის გრძელვადიან პარტნიორად?
მსოფლიოს წამყვან კომპანიებში ამ პრობლემის გადასაჭრელად ათწლეულებია გამოიყენება ერთი მძლავრი მექანიზმი – წილის ოფციონები (Stock Options).
სილიკონის ველის წარმატებული კომპანიების დიდი ნაწილი სწორედ ამ პრინციპზე აშენდა. კომპანიების დამფუძნებლებმა საუკეთესო ადამიანები მხოლოდ ხელფასით კი არ დააჯილდოვეს, არამედ მათ მისცეს შესაძლებლობა, თავადაც გამხდარიყვნენ ბიზნესის თანამესაკუთრეები.
საქართველოში ეს პრაქტიკა ჯერ კიდევ იშვიათია, თუმცა სწორედ ამიტომ შექმნის კონკურენტულ უპირატესობას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მას სწორად გამოიყენებენ.
რა არის ოფციონი?
მარტივად რომ ვთქვათ, ოფციონი არის დამფუძნებლის დაპირება: „თუ კომპანიასთან ერთად გაიზრდები და დაგვეხმარები ღირებულების შექმნაში, მომავალში შესაძლებლობა გექნება კომპანიის წილი წინასწარ შეთანხმებულ, შეღავათიან ფასად შეიძინო.“
ეს არ ნიშნავს, რომ თანამშრომელი დღესვე ხდება პარტნიორი. ეს ნიშნავს, რომ მას ეძლევა შანსი, დროთა განმავლობაში დაიმსახუროს პარტნიორობა.
მაგალითად: დავუშვათ, კომპანიამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან მენეჯერს შესთავაზა:
- კომპანიის 5%-იანი წილის ოფციონი;
- შესყიდვის ფასი: 50,000 ლარი;
- ოფციონის გამოყენების უფლება: მომავალში განუსაზღვრელი ვადით.
თუ რამდენიმე წლის შემდეგ კომპანიის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამ 5%-ის რეალური საბაზრო ღირებულება შესაძლოა ასეულობით ათასი, ან მილიონობით ლარი გახდეს. ამ შეთავაზების მიღების მომენტიდან მენეჯერი უკვე განსხვავებულად აზროვნებს: ის აღარ მუშაობს მხოლოდ ხელფასისთვის, ის მუშაობს საკუთარი კაპიტალისა და ბიზნესის ზრდისთვის.
- რატომ მუშაობს ოფციონი?
კარგი მენეჯერის მოტივაცია მხოლოდ ფინანსური არ არის, ადამიანებს სურთ გავლენა, აღიარება და საკუთრების განცდა. ოფციონი სწორედ ამ მოთხოვნებს პასუხობს.
როდესაც მენეჯერი გრძნობს, რომ კომპანიის წარმატება პირდაპირ აისახება მის პირად კეთილდღეობაზე, მისი ინტერესები დამფუძნებლის ინტერესებს ემთხვევა.
სწორედ ამიტომ ამბობენ ინვესტორები: „თუ გინდა თანამშრომელმა მფლობელივით იფიქროს, უნდა მისცე შესაძლებლობა მფლობელი გახდეს.“
- როგორ იცავს თავს დამფუძნებელი?
ბუნებრივია, არცერთი დამფუძნებელი არ არის მზად, კომპანიის წილი პირველივე დღეს გააჩუქოს. რა მოხდება, თუ თანამშრომელი რამდენიმე თვეში წავა? ამ რისკის სამართავად ოფციონების სისტემაში ორი მნიშვნელოვანი მექანიზმი გამოიყენება.
Cliff Period – ერთგულების პირველი ტესტი.
Cliff არის საწყისი პერიოდი, რომლის განმავლობაში თანამშრომელი ჯერ ვერ იღებს ოფციონს. საერთაშორისო პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებულია 12-თვიანი კლიფი.
მაგალითად, თანამშრომელს ექნება 8%-იანი ოფციონი და კლიფი შეადგენს 1 წელს. თუ თანამშრომელი კომპანიას 11 თვის შემდეგ დატოვებს, ის ვერ მიიღებს ვერანაირ წილს. ეს მექანიზმი იცავს დამფუძნებელს „მომთაბარე“ თანამშრომლებისგან.
Vesting Period – პარტნიორობა, რომელიც დროს მოითხოვს.
Vesting ნიშნავს, რომ ოფციონი თანამშრომელს ეტაპობრივად გადაეცემა წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით.
ყველაზე გავრცელებული მოდელია 4-წლიანი Vesting. ამ სისტემის მიზანი მარტივია: პარტნიორობა დამსახურებულ უნდა იქნას დროში!
წარმოიდგინეთ, რომ თანამშრომელს დაპირდით კომპანიის 8%-იან ოფციონს:
Cliff – 1 წელი.
Vesting – 4 წელი;
მაშინ შემდეგი სურათი გვექნება:
| პერიოდი | დაგროვილი ოფციონი |
| პირველი 12 თვე მინუს 1 დღე | 0% |
| 12 თვის დასრულებისას | 2% |
| მეორე წლის ბოლოს | 4% |
| მესამე წლის ბოლოს | 6% |
| მეოთხე წლის ბოლოს | 8% |
შედეგად, თანამშრომელი სრულ 8%-ს მხოლოდ ოთხწლიანი თანამშრომლობის შემდეგ იღებს.
რატომ არის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქართველოსთვის? ქართული ბიზნესი უკვე გადავიდა განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც მთავარი კონკურენცია მხოლოდ მომხმარებლისთვის აღარ მიმდინარეობს – დღეს კომპანიები ერთმანეთს უკვე ნიჭიერი მენეჯერებისთვისაც ეჯიბრებიან. ბევრ ქართულ ორგანიზაციაში დამფუძნებელი კვლავ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას თავად იღებს. ამის მთავარი მიზეზი ხშირად ნდობის დეფიციტია. ოფციონები ამ პრობლემას დიდწილად ხსნის.
როდესაც ძლიერი მენეჯერი კომპანიის მომავალი ღირებულების თანამონაწილე ხდება, მისი ჰორიზონტი მნიშვნელოვნად გრძელდება. ის იწყებს ფიქრს არა მომდევნო კვარტლის ბონუსზე, არამედ მომდევნო ხუთ წელზე და სწორედ ამ მომენტში ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია: თანამშრომელი მენეჯერიდან პარტნიორად იქცევა.
- დასკვნა
ზოგი დამფუძნებელი ოფციონს კომპანიის წილის „დათმობად“ აღიქვამს. სინამდვილეში სტრუქტურირებული ოფციონი არ არის წილის დათმობა – ეს არის ინვესტიცია იმ ადამიანებში, რომლებიც კომპანიის ღირებულებას ყოველდღიურად ქმნიან.
საუკეთესო მენეჯერების შენარჩუნება ხელფასის მუდმივი ზრდით სულ უფრო რთულდება, საკუთრების განცდის შექმნა კი ხშირად ბევრად უფრო ძლიერი მოტივატორია, ვიდრე ნებისმიერი პრემია. შესაძლოა, თქვენი კომპანიის მომდევნო დიდი ზრდა სწორედ იმ დღეს დაიწყოს, როდესაც საუკეთესო თანამშრომელს პირველად ეტყვით: „ეს მხოლოდ ჩემი კომპანია აღარ არის – ეს შენი წარმატებაცაა.“
მმართველი პარტნიორი



