ბლოგი

ჩვენ გამოვხატავთ აზრს თქვენთვის საინტერესო საკითხებზე

სარჩევი

საერთაშორისო ფულადი გზავნილების როლი საქართველოს ეკონომიკაში

საერთაშორისო ფულადი გზავნილები საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გზავნილების მზარდი მოცულობიდან გამომდინარე დღეისთვის ეს ტრანზაქცია ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს. საქართველოს მსგავს განვითარებად ქვეყნებში ხშირ შემთხვევაში გზავნილები მოსახლეობის ძირითადი საარსებო წყაროა და სიღარიბის დონის შემცირებას უწყობს ხელს,  ამასთანავე ის მეტ-ნაკლები სტაბილურობით ხასიათდება.

 

საერთაშორისო ფულადი გზავნილების გლობალური მაჩვენებლები

მსოფლიო ბანკის მონაცემებით 2021 წელს მსოფლიოში დაბალი და საშუალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში რეკორდული – 605 მილიარდი დოლარის საერთაშორისო გზავნილები განხორციელდა. მიმდინარე პროგნოზის მიხედვით 2022 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 4.2%-ით გაიზრდება და 630 მილიარდს მიაღწევს. ზრდის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად უკრაინაში არსებული და სამომავლო ფულადი გზავნილების მოსალოდნელი ზრდა სახელდება. რუსეთის შეჭრის შემდეგ შექმნილი სურათის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ წელს უკრაინაში გაგზავნილი ფულის მოცულობა არანაკლებ 20%-ით გაიზრდება 2021 წელთან შედარებით.

 

მიგრაცია და ფულადი გზავნილები

საერთაშორისო ფულადი გზავნილების ძირითად ნაწილს უცხოეთში მცხოვრები მიგრანტების ტრანზაქციები შეადგენს, რომლებიც საქართველოში ოჯახის წევრებსა და ახლობლებს საზღვარგარეთ გამომუშავებულ თანხას უგზავნიან.

საქართველოში 90-წლების დასაწყისიდან მოყოლებული უწყვეტად იზრდება მიგრანტების რიცხვი – მიჩნეულია, რომ ემიგრაციის ინტენსიურობის ზრდა დიდ წილად დამოკიდებულია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ სირთულეებზე, მათ შორის უმუშევრობასა და შემოსავლის შემცირებაზე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით საქართველოდან ყოველწლიურად დაახლოებით 100 ათასი ადამიანი მიდის ემიგრაციაში, არაოფიციალური მონაცმებით დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ დღემდე საქართველოდან 1.5 მილიონზე მეტი ადამიანია გასული.

 

საერთაშორისო ფულადი გზავნილების სტატისტიკა

საქართველოში საერთაშორისო ფულადი გზავნილების სტატისტიკას საქართველოს ეროვნული ბანკი აწარმოებს და მასში კომერციული ბანკების, მათი ქვეკონტრაქტორების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მონაცემებია გაერთიანებული.

ჩანართი დიაგრამა

2021 წელი საქართველოში ფულადი გზავნილების კუთხით რეკორდული წელი იყო: ქვეყანაში გზავნილების მოცულობა, 2.349 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წმინდა ფულადი გზავნილების (სხვაობა საზღვარგარეთიდან საქართველოში გამოგზავნილს და საქართველოდან საზღვარგარეთ გაგზავნილ თანხებს შორის) მოცულობამ  2.032 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2021 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით ფულადი გზავნილები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის  14% -ს შედგენდა, რაც საშუალო და დაბალი შემოსავლების ქვეყნებისთვისაც კი საშუალოზე უარესი მაჩვენებელია მაგალითისთვის იგივე მონაცემი 2021 წელს მოლდოვის შემთხვევაში 15.2%,  სომხეთის შემთხევაში 11.1%, ალბანეთის შემთხვევაში 9.4 იყო ხოლო აზერბაიჯანის შემთხვევაში 4% არ აღემატებოდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცმებით დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 4%-ია, ხოლო საშუალო შემოსავლის ქვეყნების შემთხვევაში – 1.5%.

შედარებისთვის ჩვენს ქვეყანაში 2021 წელს 1.152 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც საქართველოში ფულადი გზავნილები ხორციელდება, ლიდერობენ რუსეთი, იტალია, ამერიკა, საბერძნეთი და გერმანია:

საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში ფულადი გზავნილების მოცულობა მუდმივად იზრდებოდა, განსაკუთრებით ზრდა კი  კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის პერიოდში დაფიქსირდა: 2020 წელს 2019 წელთან შედარებით გზავნილების მოცულობა 9%-ით გაიზრდა, ხოლო 2021 წლის მონაცემები 25%-ით აღემატება 2020 წლის რიცხვებს.

გზავნილებზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ გადარიცხვების მნიშვნელოვანი წილი აღნიშნული სტატისტიკის მიღმა რჩება. სხვადსხვა მონაცემებით (მათ შორის EBRD-ის გამოკითხვით) არარეგისტრირებული გზავნილების მოცულობა 2-2.5-ჯერ აღემატება რეგისტრირებული გზავნილების მონაცემებს.

 

საერთაშორისო ფულადი გზავნილები 2022 წელს

2022 წელს ჩვენი ქვეყანა ფულადი გზავნილების ახალ რეკორდს ამყარებს, ეროვნული ბანკის მონაცემებით პირველი 5 თვის განმავლობაში საქართველოში 1.359 მილიარი დოლარის გზავნილები განხორციელდა. აღნიშნული მოცულობა 54%-ით აღემატება 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.

ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდა განსაკუთებით ფიქსირდება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ  (2022 წლის 24 თებერვლიდან), როდესაც საქართველოში ათასობით რუსეთის მოქალაქე გადმოვიდა საცხოვრებლად. უნდა ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული თანხის არსებითი ნაწილი სწორედ მათთვის არის განკუთვნილი. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებული არაერთი სანქციის მიუხედავად შეზღუდვები არ ვრცელდება სწრაფ გზავნილებზე (ანგარიშის გაუხსნელად თანხის გადარიცხვა).

განსაკუთრებულად აღსანიშნავია საქართველოში 2022 წლის მაისში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა:  505.7 მლნ აშშ დოლარი, რაც 169.4%-ით მეტია 2021 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აღნიშნული თანხის 62% (314 მილიონი აშშ დოლარი) სწორედ რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხული თანხებია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით მაისში საქართველოდან უცხოეთში 28.7 მილიონი აშშ დოლარი გადაირიცხა, შესაბამისად წმინდა ფულადი გზავნილები ამ თვეში რეკორდული 476 მილიონი აშშ დოლარი იყო.

ინფორმაციისთვის, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2022 წლის პირველ კვარტალში 568.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რომელიც თავის მხრივ რეკორდული მაჩვენებელი იყო. აღნიშნული თანაფარდობითაც ნათლად ჩანს უცხოური გზავნილების როლი ქვეყნის ეკონომიკაში. დიდწილად სწორედ გზავნილების მოცულობის ზრდა განაპირობებს ლარის კურის დღევანდელ სტაბილურობას.

სავარაუდოა, რომ რუსეთიდან ფულადი გზავნილების ზრდის ტემპი წლის მეორე ნახევრიდან შემცირდება თუმცა აღნიშნული დიდწილად არის დამოკიდებული რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების თარიღზე. საბოლოო ჯამში, დიდი ალბათობით წელს ფულადი გზავნილების კუთხით ქვეყანას მორიგი რეკორდული წელი ექნება.

 

ირაკლი ჟვანია 

გაზიარება: