ძალიან აქტუალურ საკითხს წარმოადგენს საგადასახადო დავები. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებობს ისეთი მუხლები, რომელთა ინტერპრეტაცია სხვადასხვაგვარადაა შესაძლებელი, ამასთან, ხელმძღვანელობის მიერ კანონმდებლობის შეფასება საგადასახადო ორგანოების შეფასებისგან შეიძლება განსხვავდებოდეს, მზარდია საგადასახადო დავების რაოდენობა. მაგალითისთვის, 2021 წელს დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი იყო 3,136 საჩივარი, რაც 50%-ით აღემატება 2020 მაჩვენებლებს.
საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო.
საგადასახადო დავა მოიცავს ორ ეტაპს და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება.
შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.
პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, თუმცა არცთუ ისე იშვიათია შემთხვევები, როდესაც მომჩივანი არღვევს ხსენებულ ვადასა და სხვა მოთხოვნებს. მაგალითად, 2021 წელს წარდგენილი საჩივრებიდან 14% არც კი განხილულა, მიზეზი კი, ძირითადად, მომჩივნის მიერ სხვადასხვა პროცედურული მოთხოვნის დარღვევა იყო.
30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით, რაშიც იგულისხმება ისეთი გარემოებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული, თუმცა ამ შემთხვევაში მომჩივანს ძლიერი არგუმენტები დასჭირდება.
საჩივრის მომზადებასა და წარდგენას აქვს შესაბამისი მოთხოვნები, რომლებიც რეგულირდება სსკ-ის მე-300 და 301-ე მუხლებით.
2021 წლის პერიოდში საგადასახადო ორგანოს მიერ დარიცხული თანხებიდან, დავების შედეგად, 15% სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 71% არ დაკმაყოფილდა, ხოლო 14% განუხილველი დარჩა.
სადავო თანხის მომჩივნის სასარგებლოდ დაკმაყოფილებისას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება საჩივრის ფორმას, მტკიცებულებებს, ლოგიკას, სამართლიანობის პრინციპს, ამიტომ საჩივრის წარდგენამდე ყველა გარემოება უნდა იქნას განხილული და ფაქტებით გამყარებული.
Kudos Georgia ეხმარება დამკვეთ კომპანიებს გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და სამართლიანობის აღდგენის პროცესში.