ბლოგი

ჩვენ გამოვხატავთ აზრს თქვენთვის საინტერესო საკითხებზე

სარჩევი

სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორი

Kudos Georgia აგრძელებს სტატიების სერიას „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესახებ. დღეს მიმოვიხილავთ სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის ცნებას და მის უფლება-მოვალეობებს.

 

ფირმის პარტნიორის ცნება, განსაზღვრულია მეწარმეთა კანონის შესახებ მე-7 მუხლის მიხედვით. პარტნიორად მიიჩნევა პირი, რომელსაც აქვს საკუთრების უფლება სამეწარმეო საზოგადოების წილზე.

  • სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური პირი, ისე იურიდიული პირი, აგრეთვე იურიდიული პირის სტატუსის არმქონე, რეგისტრირებული, დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელსაც შეუძლია საკუთარი სახელით შეიძინოს უფლებები და აიღოს ვალდებულებები.
  • წილზე საკუთრების უფლების შეძენაზე შეიძლება დაწესდეს შეზღუდვები კანონით ან წესდებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

პარტნიორის უფლებების მოსაპოვებლად არ არის აუცილებელი, რომ ფლობდეთ ინდ. მეწარმის  ან რომელიმე სხვა სამეწარმეო საზოგადოების სტატუსს, საკმარისია ადამიანს გააჩნდეს უნარი საკუთარი სახელით შეიძინოს უფლებები და იკისროს ვალდებულებები.

შეთანხმების საფუძველზე ნებისმიერ პირს შეუძლია ფლობდეს, განკარგავდეს და სარგებლობდეს სამეწარმეო საზოგადოების წილს.

 

უფლება-მოვალეობები

 

  1. პარტნიორმა თავისი უფლებებით სარგებლობისას მხედველობაში უნდა მიიღოს სამეწარმეო საზოგადოებისა და დანარჩენ პარტნიორთა კანონიერი ინტერესები და უფლებები.
  2. ზოგადად პარტნიორებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები აქვთ. ამ პრინციპიდან გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ ის „მეწარმეთა შესახებ“ კანონით ან წესდებით პირდაპირ არის გათვალისწინებული და აუცილებელია, სამეწარმეო საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე.
  3. წესდებით შეიძლება პარტნიორთა შენატანებისგან დამოუკიდებლად განისაზღვროს წილები და განსხვავებული უფლებები და მოვალეობები.

 

კანონის თანახმად, პირველი პუნქტი გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილისაგან, რაც გულისხმობს კეთილსინდისიერებისა და ერთგულების მოვალეობის სტანდარტს. იგი ითვალისწინებს თანამშრომლობაზე დაფუძნებულ კავშირსა და პასუხისმგებლობას პარტნიორების მიმართ.

თანასწორობის პრინციპის მთავარი არსია, რომ საწარმოსა და მის პარტნიორებს შორის ურთიერთობებში მსგავსი ვითარებები მსგავსად უნდა გადაწყდეს, ხოლო განსხვავებული – მათი თავისებურებების მიხედვით.

 

აღსანიშნავია ფირმის პარტნიორობასთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი ნორმა:

  • სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციამდე მისი სახელით ნაკისრი ვალდებულებებისთვის უშუალოდ და შეუზღუდავად, როგორც სოლიდარული მოვალეები, პასუხს აგებენ სამეწარმეო საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორები და იმ მოქმედების განმახორციელებლები, რომელმაც გამოიწვია ამ ვალდებულებების წარმოშობა, თუ კრედიტორთან სხვა რამ არ არის შეთანხმებული;
  • სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება წერილობით ფორმდება და მას ხელს აწერს სამეწარმეო საზოგადოების ყველა დამფუძნებელი პარტნიორი;
  • შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალში პარტნიორის შენატანი განისაზღვრება მისი წილის პროპორციულად;
  • პარტნიორები დამატებით შენატანს თავიანთი წილების პროპორციულად ახორციელებენ;
  • სპს-ს, კს-ს, შპს-ს პარტნიორების სახელმწიფო რეგისტრაცია სავალდებულოა;
  • შპს-ში ხელმძღვანელი ვალდებულია დაემორჩილოს პარტნიორთა გადაწყვეტილებას, ხოლო სააქციო საზოგადოებაში მას თავისუფლების მეტი არეალი და დისკრეცია გააჩნია;
  • თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საერთო კრება უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილებები, თუკი მას ესწრებიან ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორები.

 

Kudos Georgia მომსახურებას უწევს საქართველოში მოქმედი სამეწარმეო საზოგადოებათა პარტნიორებს მათი უფლება-მოვალეობების განხორციელებისა და ინტერესების დაცვის პროცესში.

გაზიარება: