ბოლო პერიოდში ბევრი სტარტაპი შეიქმნა, ზოგი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის გარეშე ფუნქციონირებს, ზოგიც შპს-ს აფუძნებს ან ინდმეწარმის სტატუსის ქვეშ ოპერირებს. მათი მხრიდან ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვაა – თუ რომელი სტატუსით დაიწყონ ბიზნეს საქმიანობა და რა რისკებს მოიცავს თითოეული მათგანი. აღნიშნულ კითხვაზე პასუხი ცალსახა არ არის, რადგან მეწარმის სტატუსის არჩევა საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა მოხდეს და გადაწყვეტილების მიღების დროს სამომავლო გეგმების გათვალისწინებაც საჭიროა. შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ინდმეწარმისა და შპს-ის ძირითადი მახასიათებლები და იმედია სტარტაპერებს დაეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში.
შპს და ინდმეწარმის ძირითადი მახასიათებლები
- რეგისტრაციის მხრივ, შპს-ის და ინდმეწარმის რეგისტრაცია დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს და თითქმის მსგავსი პროცედურებია გასავლელი;
- ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული პირი! ბევრს ჰგონია, რომ ინდმეწარმედ რეგისტრაცია გულისხმობს შპს-ს ან მსგავსი იურიდიული ფორმით ფირმის დაფუძნებას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება;
- ინდივიდუალური მეწარმე ბიზნეს ურთიერთობაში გვევლინება როგორც ფიზიკური პირი, ანუ ფიზიკური პირი X, რომელიც ინდმეწარმის სტატუსს მიიღებს, თავის უფლებებს განახორციელებს და მოვალეობას შეასრულებს ისევ ისე, როგორც ფიზიკური პირი X, განსხვავებით შპს-ა, რომელსაც შესაძლოა, ნებისმიერი სახელი დაერქვას და ბიზნეს საქმიანობა განახორციელოს ცალკე, განყენებულად, რომლის ბიზნეს საქმიანობაც პირდაპირ არ დაუკავშირდება დამფუძნებელ ფიზიკურ პირს;
- უმრავლეს შემთხვევაში, ინდივიდუალური მეწარმე სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისთვის კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით, ანუ იმ შემთხვევაში, თუ ინდმეწარმეს ბიზნეს საქმიანობიდან წარმოეშობა ვალი, მევალეს შეეძლება ინდმეწარმეს მოსთხოვოს პირადი ქონება ვალის დასაფარად. ხოლო შპს-ის შემთხვევაში, დამფუძნებელი/მეწილე სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებისთვის კრედიტორის წინაშე პასუხს არ აგებს. მევალეს შეეძლება ვალის ამოსაღებად მოითხოვოს მხოლოდ შპს-ის საკუთრებაში არსებული აქტივები და არა დამფუძნებლის პირადი ქონება;
- სტანდარტულ შემთხვევაში, ინდმეწარმის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20%-ით. დასაბეგრი შემოსავალი განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. ანუ ინდმეწარმის შემოსავლებს გამოაკლდება შესაბამისი ხარჯები და დარჩენილი მოგება დაიბეგრება 20%-ით. ინდმეწარმე საშემოსავლო გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს და ამ თარიღისთვის აქვს გადასახადის გადახდის ვალდებულებაც;
- ინდმეწარმეც და შპს-იც ვალდებულნი არიან დაქირავებულზე გადახდილი ხელფასის შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი თავად გადაიხადონ ბიუჯეტში.
- ბოლო პერიოდში ბევრი ინდმეწარმე სარგებლობს სხვადასხვა შეღავათით. საქართველოს კანონმდებლობამ დაადგინა სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, კერძოდ მცირე ბიზნესის სტატუსი. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება მხოლოდ 1%-ით კალენდარული წლის განმავლობაში შემოსავალის 500,000 ლარზე გადაჭარბებემადე. თუ პირის მიერ მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 500,000 ლარს, შემოსავალი დაიბეგრება 3%-ით, 1%-ის ნაცვლად;
ამასთან, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა ის საქმიანობები, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება:
- სამედიცინო საქმიანობა;
- არქიტექტურული საქმიანობა;
- საადვოკატო ან სანოტარო საქმიანობა;
- აუდიტორული მომსახურება;
- საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) მომსახურება;
- სათამაშო ბიზნესი;
- პერსონალით უზრუნველყოფა;
- აქციზური საქონლის წარმოება;
- სავალუტო ოპერაციების განხორციელება;
- საქმიანობები, რომელთა განხორციელება მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციას;
- საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას, გარდა საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვისა.
შპს-ს უპირატესობები
- მოგების გადასახადისგან შპს გათავისუფლებულია მანამდე, სანამ განაწილდება მოგება, გაიწევა არაეკონომიკური ხარჯი, მოხდება საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა უსასყიდლოდ;
- შპს-ის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ გყავდეთ ოფიციალური პარტნიორი და ერთობლივად გაუძღვეთ ბიზნესს, გარდა ამისა, თუ მოგინდებათ გაყიდოთ თქვენი კუთვნილი წილი. ინდმეწარმის შემთხვევაში ამას ვერ მოახერხებთ, წილის მაგივრად შეგეძლებათ თქვენი კუთვნილი ქონების გაყიდვა;
- სანდოობისა და კლიენტებთან/დამკვეთებთან კომუნიკაციის კუთხით, უმჯობესია შპს-ის დაფუძნება, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საწარმოების უმრავლესობას ურჩევნია დამატებული ღირებულების გადამხდელ იურიდიულ პირთან თანამშრომლობა.
სტატიის ავტორი: გიორგი ბალესიაშვილი