სასიხარულო და მისასალმებელია, რომ საქართველოში ბევრი სტარტაპი იქმნება – მათ შორის, უმრავლესობა მცირე ზომისაა. ჩვენი დაკვირვებით სტარტაპების დამფუძნებლები ნაკლებად აცნობიერებენ, რომ მარტივ, მაგრამ დაუგეგმავ ბიზნეს ოპერაციასაც კი შეიძლება, მოჰყვეს მნიშვნელოვანი საგადასახადო სანქციები. არ დაგავიწყდეთ, რომ დეკლარაციებში გადასახადის თანხის 100,000 ლარზე მეტით შემცირება მიიჩნევა გადასახადისგან თავის არიდებად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
წინამდებარე სტატიაში ყურადღების გამახვილება გვსურს იმ მარტივ შეცდომებზე, რასაც სტარტაპერები ხშირად უშვებენ. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი ძალისხმევა მცირედით მაინც დაეხმარება მათ!
რა უნდა გაითვალისწინოთ?
1. ბიზნესის დამწყებთაგან ძალიან ხშირია შეკითხვა: „შპს შევქმნათ თუ ინდ. მეწარმედ დავრეგისტრირდეთ და ამ გზით დავიწყოთ ოპერირება?“ ორივე შემთხვევაში არსებობს უპირატესობებიც და რისკებიც: გადაწყვეტილება უნდა დაეფუძნოს საქმიანობის სფეროსა და სპეციფიკას.
ამასთან დაკავშირებით, გაეცანით ჩვენს ბლოგს: “სტარტეპების შეკითხვა – შპს დავაფუძნო თუ ინდმეწარმე გავხდე?“
რეზიუმე:
სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, უმჯობესია, გაეცნოთ უპირატესობებსა და თანმდევ რისკებს!
2. ხშირია შემთხვევები, როდესაც ინვესტორები კომპანიის წილს ყიდულობენ და ამ გზით იწყებენ ბიზნეს საქმიანობას. მაგალითად, თუ ფიზ. პირი ფლობს შპს-ს, რომელიც დაკავებულია სარესტორნო საქმიანობით და მესაკუთრეს სურს ბიზნესის გაყიდვა, ის ყიდის შპს-ს წილს და არა აქტივებს (შენობა-ნაგებობა, მარაგები, სამზარეულოს ინვენტარი, მაგიდები, სკამები და სხვა). ამგვარად ბიზნესის გაყიდვა უფრო მოსახერხებელია, თუმცა როდესაც თქვენ აღმოჩნდებით კომპანიის წილის მყიდველის როლში, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ფირმის საგადასახადო პასუხისმგებლობა კომპანიის გასხვისებით არ შეიცვლება! იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას უფიქსირდება საგადასახადო დარღვევები, წილის ყიდვის შემთხვევაში უკვე თქვენ, წილის მყიდველს მოგიწევთ აღნიშნული ტვირთისა და რისკის ზიდვა.
რეზიუმე:
კომპანიის წილის შეძენამდე ჩაატარეთ ფირმის საგადასახადო აუდიტი და დარწმუნდით, რომ არსებით საგადასახადო დარღვევებს ადგილი არ ჰქონია!
3. კომპანიის შექმნისას უნდა განსაზღვროთ, საჭიროა თუ არა დღგ-ის გადამხდელად ფირმის რეგისტრაცია. იმ შემთხვევაში, თუ ელით, რომ თქვენი მოსალოდნელი შემოსავალი შემდგომი 12 თვის განმავლობაში გადააჭარბებს 100,000 ლარს და საწყის პერიოდშივე გეგმავთ დიდი ღირებულების აქტივების შეძენას – შესაძლოა, სჯობდეს დღგ-ის გადამხდელად დადგომა.
რეზიუმე:
კომპანიის შექმნისას ან არსებულ ფირმაში წილის შეძენისას აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია საგადასახადო კონსულტანტთან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თაობაზე!
4. შესაძლოა, კომპანიის დაფუძნებიდან მოკლე ვადაში თქვენი ფირმის შემოსავალმა გადააჭარბოს 100,000 ლარს, რაც ხშირ შემთხვევაში აჩენს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულებას. ამის გარეშე საქმიანობის გაგრძელება კი იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) 5%-ის ოდენობით.
რეზიუმე:
აღრიცხეთ თქვენი კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები, რათა არ განახორციელოთ საქმიანობა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე!
5. ბევრ ქართულ სტარტაპს უწევს ბიზნეს ურთიერთობა არარეზიდენტ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან. აღსანიშნავია, რომ არარეზიდენტებთან განხორციელებული ოპერაციების დაბეგვრის რეჟიმები კომპლექსურია, მოითხოვს კვალიფიციურ მსჯელობას და ფაქტობრივი გარემოებების სრულ ანალიზს.
რეზიუმე:
საერთაშორისო ოპერაციის განხორციელებამდე გაიარეთ კონსულტაცია საგადასახადო კონსულტანტთან!
6. ხარჯების ანალიზისას სტარტაპერები ხშირად არ ითვალისწინებენ გადასახადებს. მაგალითისთვის, თუ ფირმა მომსახურებას იღებს ფიზიკური პირისგან, ის ვალდებულია სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართოს საშემოსავლო გადასახადი. ბევრი მსგავსი შემთხვევა შეგვხვედრია იჯარის შემთხვევაში: კომპანია ფიზიკურ პირს (ფართის მესაკუთრეს) უთანხმდება საიჯარო ფასზე, თუმცა არ ითვალისწინებს, რომ შეთანხმებული ფასის ზევით, კომპანია ვალდებულია, 25% გადაიხადოს ბიუჯეტში. უფრო კონკრეტულად, თუ ფირმა ფიზიკურ პირს უხდის იჯარის საფასურს 1,000 ლარის ოდენობით, ის ვალდებულია, დამატებით 250 ლარი გადაიხადოს სახელმწიფო ხაზინაში, ანუ ფირმის ხარჯი 1,250 ლარს შეადგენს და არა – 1,000 ლარს.
რეზიუმე:
საქონლის ან/და მომსახურების მომწოდებელთან შეთანხმებამდე აუცილებლად განსაზღვრეთ, თუ რა სახის გადასახადების გადახდა მოგიწევთ!
7. საქართველოში დამკვიდრდა პრაქტიკა, რომ მცირე ბიზნესის (მცირე მეწარმე) სტატუსის მიღების შემთხვევაში, პირი გადაიხდის შემოსავლის მხოლოდ 1%-ს და ისარგებლებს არსებითი საგადასახადო შეღავათით, თუმცა ბევრ შემთხვევაში, აღნიშნული მოლოდინი რეალობას არ შეესაბამება.
კანონმდებლობით განსაზღვრულია კონკრეტული საქმიანობები, რომელთა განხორციელების შემთხვევაშიც მცირე მეწარმე ვერ ისარგებლებს საგადასახადო შეღავათებით. ამასთან, ბევრ მცირე მეწარმეს ჰგონია, რომ სტატუსის მიღების შემთხვევაში დღგ-ის გადახდისგანაც თავისუფლდება.
რეზიუმე:
მცირე ბიზნესის (მცირე მეწარმე) სტატუსის მიღებამდე კარგად გააანალიზეთ თქვენი საქმიანობის კატეგორია და განსაზღვრეთ, შეესაბამება თუ არა საქმიანობა კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ასევე გაითვალისწინეთ, რომ მცირე ბიზნესი არ თავისუფლდება დღგ-ის გადახდის ვალდებულებისგან!
8. ბევრი დამწყები მეწარმე საკუთარი ხარჯებისთვის იყენებს კომპანიის ბიზნეს პლასტიკურ ან ელექტრონულ ბარათს, ანუ კომპანიის სახსრებით ყიდულობს პირადი მოხმარების ნივთებს და მომსახურებას. გაითვალისწინეთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ასეთი ხარჯები დასაბეგრია მოგების ან საშემოსავლო გადასახადით და ფირმას დაეკისრება დამატებითი საგადასახადო ტვირთი.
რეზიუმე:
გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ფირმის ბიზნეს ბარათით პირადი მოხმარების ნივთებისა და მომსახურების შეძენა ექვემდებარება დაბეგვრას.
9. ხშირია შემთხვევები, როდესაც ფირმა იძენს საქონელს/მომსახურებას და არ მოიპოვებს ხარჯის გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტს. მაგალითად, როდესაც ფიზიკური პირები უფრო დაბალ ფასს სთავაზობენ კომპანიას, შესაძლოა, ფირმამ განახორციელოს შესყიდვა, თუმცა ვერ მოიპოვოს ფიზიკური პირისგან შესაბამისი დოკუმენტი. ასეთ შემთხვევაში, მაღალი ალბათობით, კომპანიას მოუწევს გაწეულ ხარჯზე მოგების გადასახადის გადახდა (15%-იანი განაკვეთი). შესაბამისად, შესაძლოა, ფირმამ არათუ ვერ დაზოგოს თანხები, არამედ – გაიძვიროს შენაძენი.
რეზიუმე:
ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვამდე დარწმუნდით, რომ გაწულ ხარჯზე მოიპოვებთ შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტს!
10. ბევრ დამწყებ მეწარმეს არ აქვს გამოცდილება, თუ როგორ დაიანგარიშოს გასაყიდი საქონლის/მომსახურების დღგ. საჭიროდ ჩავთვალეთ, წინამდებარე სტატიაში მარტივი კალკულაციაც შეგვეტანა.
თუ თქვენი კომპანია რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, ის ვალდებულია მიღებული შემოსავლიდან 18% მიმართოთ ბიუჯეტში.
ფირმის მიერ პროდუქციის გასაყიდი ფასის კალკულაცია ხდება დღგ-ის გარეშე თანხით, ანუ თქვენ უნდა განსაზღვროთ საქონლის/მომსახურების ფასი დღგ-ის გარეშე და ამის შემდეგ დაამატოთ მას 18%.
მაგალითად: თუ საქონელს ყიდით 100 ლარად (დღგ-ის ჩათვლით), დღგ-ის თანხა იქნება 15.25 ლარი. (100/1.18*18%), ანუ 100 ლარიდან, პირველ რიგში, გამოიყოფა დღგ-ის თანხა (100/1.18), მივიღებთ 84.75 ლარს და აღნიშნული თანხიდან ვანგარიშობთ დღგ-ის თანხას, ანუ ვამრავლებთ 18%-ზე. როგორც ზემოთ ვახსენეთ, თქვენი პროდუქტის გასაყიდი ფასი არის 84.75 ლარი და სწორედ ამ თანხას ემატება 18% (= 15.25 ლარი) და ხდება 100 ლარი.
რეზიუმე:
გასაყიდი ფასის განსაზღვრისას აუცილებლად გაითვალისწინეთ დღგ-ის პროპორცია, თუ რეგისტრირებული ხართ ან ვალდებული ხართ დარეგისტრირდეთ დღგ-ის გადამხდელად!
სტატიის ავტორი: გიორგი ბალესიაშვილი
Kudos Georgia-ს მმართველი პარტნიორი