სამრეწველო კომპანიების ბუღალტრული აღრიცხვა სხვა დარგებთან შედარებით განსაკუთრებულად რთულია, რადგან წარმოებას ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინება სჭირდება და შესაბამისად, ბუღალტერი, რომელიც ბუღალტრულ აღრიცხვაზეა პასუხისმგებელი, წარმოების პროცესებშიც კარგად უნდა იყოს გათვითცნობიერებული.
მზა პროდუქტის კალკულაცია
წარმოებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი მზა პროდუქტის კალკულაციაა, სადაც საბოლოო პროდუქტისთვის საჭირო ნედლეულის და მასალების კონკრეტული განზომილებები, რაოდენობა, კომბინაცია და თვითღირებულებებია მოცემული. უმჯობესია, კალკულაციის დოკუმენტი უშუალოდ პროდუქტის წარმოების ხელმძღვანელმა ან მოწვეულმა დარგობრივმა ექპერტმა შექმნას იმ მიზნით, რომ რეალურად წარმოებული მზა პროდუქტისთვის საჭირო მასალების ფაქტობრივი რაოდენობა მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდეს კალკულაციაში ასახულ მასალების გეგმიური რაოდენობისგან.
ხშირია შემთხვევები, როდესაც ბუღალტრულად პროდუქტის დამზადება და შემდეგ ჩამოწერა, ანუ თვითღირებულების ხარჯში ასახვა, წინასწარ შედგენილი კალკულაციის მიხედვით ხდება, თუმცა, ბუნებრივია, კალკულაცია და მასალების ფაქტობრივი ხარჯვა ერთმანეთს ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს. ამიტომ განსაზღვრული პერიოდის ბოლოს სახეზე გვექნება მასალების დანაკლისი ან ზედმეტობა. შესაბამისად, იმისთვის, რომ თვითღირებულების ხარჯი პერიოდის ბოლოს სწორად და სამართლიანად აღვრიცხოთ, აუცილებელია ინვენტარიზაციის ჩატარება და დანაკლისის ან ზედმეტობის აღიარება.
ინვენტარიზაცია და დანაკლისის აღიარება
დანაკლისის შემთხვევაში არსებითი საგადასახადო ტვირთი წარმოეშობა კომპანიას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის (სსკ) 286-ე მუხლის (საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირება, რეალიზაცია და აღურიცხველობა, თავი XL, საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები და პასუხისმგებლობა) მე-9 ნაწილის მიხედვით. გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
სსკ-ის 983 მუხლის (უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა, თავი XIII, მოგების გადასახადი) მიხედვით, სსკ-ით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად და იბეგრება მოგების გადასახადით.
დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში (სხვა თანაბარ პირობებში) კომპანია იბეგრება როგორც დამატებული ღირებულების, ისე მოგების გადასახადით.
ამასთან, სსკ-ის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50%-ის ოდენობით. აქ ზედმეტობასთან გვაქვს საქმე. იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა აღურიცხველია და ეს ფაქტი შემოსავლების სამსახურის მიერ ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად გამოვლინდა, პირი დაჯარიმდება აღმოჩენილი მარაგის საბაზრო ღირებულების 50%-ის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი უშვებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები არ გამოიყენება, თუ:
ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზედმეტობის ან/და დანაკლისის ოდენობა ამავე სახის აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 2 პროცენტს არ აღემატება;
ბ) გადასახადის გადამხდელმა ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია ასახა საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიაწოდა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის ან საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე და, ამ ინფორმაციის თანახმად, ზედმეტობა აღიარებულია სარგებლად, ხოლო დანაკლისი − მიწოდებად.
ხშირია შემთხვევები, როდესაც წარმოების პროცესში სახეზეა ბუნებრივი დანაკარგები. დანაკარგების კოეფიციენტი გათვალისწინებული უნდა იყოს კალკულაციის დოკუმენტში, ამასთან, უმჯობესია თუ დანაკარგებთან დაკავშირებით კომპანიას ექნება ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა. ასეთ შემთხვევაში, მარტივია იმის მტკიცება, რომ დანაკლისს არ ჰქონდა ადგილი და სახეზეა ბუნებრივი დანაკარგი.
ფაქტობრივი დამზადებისა და ჩამოწერის მიდგომა
იმ შემთხვევაში, თუ დიდ წარმოებასთან არ გვაქვს საქმე, კომპანიები ამჯობინებენ ფაქტობრივი დამზადებისა და ჩამოწერის მიდგომას, ამ შემთხვევაში ყოველდღიურად ხდება ზუსტად იმ მასალების ჩამოწერა რაც საჭირო იყო მზა პროდუქტის დასამზადებლად. უფრო კონკრეტულად, კალკულაციის მიხედვით დამზადების შემთხვევაში, წინასაწარ გვაქვს განსაზღვრული თუ რა რაოდენობის მასალა დასჭირდება მზა პროდუქტს, ხოლო ფაქტობრივი დამზადების შემთხვევაში, რეალურად რა რაოდენობის მასალა დაიხარჯა მზა პროდუქტის საწარმოებლად. ფაქტობრივი დამზადების მეთოდის არჩევისას, როგორც წესი, კონკრეტული პერიოდის ბოლოს დანაკლისსა და ზედმეტობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი. თუმცა ამ უკანასკნელი მეთოდის არჩევისას, ბუღალტრებს უფრო მეტი დრო და ენერგია ეხარჯებათ ხოლმე.
ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც წარმოების პროცესში ერთი კონკრეტული ნედლეულისგან ვიღებთ ორ ნედლეულს, მაგალითად ნედლი ცხიმიანი რძიდან ვიღებთ ცხიმს და უპროცენტო ნედლ რძეს. როგორ უნდა გაიმიჯნოს მიღებული ორი ნედლეულის ღირებულება? ამ საკითხზე შემდეგ ბლოგში გვექნება საუბარი.
საწარმოების ბუღალტრული აღრიცხვის რეკომენდაციები
მცირე რეკომენდაციები წარმოების ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებით შემდეგნაირად გამოიყურება:
- თქვენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, აირჩიეთ მზა პროდუქტის დამზადების რომელიმე მეთოდი (კალკულაციის ან ფაქტობრივი);
- კალკულაციის მეთოდის არჩევის შემთხვევაში, წარმოების სფეროში არსებული ექსპერტების დახმარებით, შეადგინეთ მზა პროდუქტის კალკულაცია, ანუ იმ მასალების ჩამონათვალი, რომელიც საჭიროა მზა პროდუქტის დასამზადებლად;
- კალკულაცია უნდა იყოს ხელმოწერილი და დამტკიცებული კონკრეტული პასუხისმგებელი პირის მიერ;
- წარმოების პროცესში ბუნებრივი დანაკარგების არსებობის შემთხვევაში, მოიპოვეთ ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა დანაკარგის კოეფიციენტის შესახებ. (კონკრეტული პროდუქტების წარმოებაზე უკვე არსებობს სახელმწიფოს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ბუნებრივი დანაკარგების შესახებ);
- მინიმუმ ყოველი თვის ბოლოს ჩაატარეთ ინვენტარიზაცია და ბუღალტრული ჩანაწერები გაასწორეთ ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით;
- იქედან გამომდინარე, რომ წარმოების პროცესში ხშირია გაუთვალისწინებელი შემთხვევები, დაყავით წარმოება ეტაპებად და თითოეული ეტაპზე გამოყავით პასუხისმგებელი პირი, რათა საზიანო ფაქტის დადგომის შემთხვევაში აღმოაჩინოთ თუ ვისი ბრალეულობით იყო შემთხვევა გამოწვეული.
- იმ შემთხვევაში, თუ წარმოების პროცესში რაიმე შეიცვალა, მაგალითისთვის, უფრო მეტ მასალას იყენებთ მზა პროდუქტის საწარმოებლად, დაუყოვნებლივ შეცვალეთ კალკულაციის დოკუმენტიც და დააარქივეთ ხელმოწერილი ვერსია.
ვქმნით უკეთეს საფინანსო გარემოს!